შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ჩვენს მაშველებს, სტიქიასთან ერთად, დეზინფორმაციასთან უწევდათ ბრძოლა, სტიქიის დროს სწრაფად იქნა მობილიზებული ყველა ძალა, მათ შორის ვერტმფრენები
შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ჩვენს მაშველებს, სტიქიასთან ერთად, დეზინფორმაციასთან უწევდათ ბრძოლა, სტიქიის დროს სწრაფად იქნა მობილიზებული ყველა ძალა, მათ შორის ვერტმფრენები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. პაპუაშვილმა სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, მაშველებს, სტიქიასთან ერთად, დეზინფორმაციასთან უწევდათ ბრძოლა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სტიქიის დღეს აბსოლუტურად სწრაფად იქნა მობილიზებული ყველა ძალა, მათ შორის, ვერტმფრენები.

„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. სოფელ გლოლაში ვიყავით ახლა პანაშვიდზე. მძიმე წუთებია ოჯახებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ეს დანაკარგი. ძალიან ინტენსიურად მიმდინარობს მუშაობა დამეწყრილ ტერიტორიაზე. დარჩენილია ალბათ ფართობის 25 პროცენტი, რომელიც არის კიდევ საკვლევი. აღმოჩენილია 25 ცხედარი. ასევე, აღმოჩენილია ფრაგმენტები, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ 25-დან არ ეკუთვნის არცერთს, ვნახოთ, ამაზეც იქნება ანალიზი და შედეგები. ზოგადად, ძალიან მძიმე სურათია. როდესაც ეძებენ საკუთარ ოჯახის წევრებს, ამავე დროს, ხედავენ იმ მძიმე სურათს, რაც ამ ტერიტორიაზეა და გარკვეული წინათგრძნობა აქვთ მათ ბედთან დაკავშირებით, ოჯახებთან ამ დღეებში როცა გვქონდა საუბარი, დიდი იყო სურვილი, ცხედარი მაინც ეპოვათ. რთულია, თქვა, რომ ეს რამე შემსუბუქებაა, მაგრამ ალბათ ეს რაღაცნაირად მათ ტვირთს ამსუბუქებს. ამიტომაც ბოლომდე შრომობენ ჩვენი მაშველები, ჩართულია სპეცტექნიკა, ფიზიკური ძალა, რათა ეს ტერიტორია ყველანაირად იქნას დაძებნილი და თუ რაიმეს აღმოჩენა შეიძლება, იყოს აღმოჩენილი.

როცა ასეთი მასშტაბის ტრაგედიაა, რთულია, კმაყოფილება იყოს გრძნობა, რომელიც შეიძლება ამ დროს ადამიანს ეუფლებოდეს, მაგრამ ჩვენ პირველივე წუთებიდან ვაკვირდებით ჩვენი მაშველების მუშაობას და ვფიქრობ, ის მადლობები, რომლებსაც ვისმენთ, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის დაკარგულთა ოჯახების მხრიდან მაშველების, ყველა იმ სამსახურის მიმართ, ვინც ჩართულია ამ პროცესში, ვფიქრობ, ეს არის მათი შრომის მთავარი შეფასება.

სამწუხაროდ, ჩვენს მაშველებს, სტიქიასთან ერთად, დეზინფორმაციასთან უწევდათ ბრძოლა. ერთმანეთთან არ თავსდება, ერთი მხრივ, მადლობებს უხდიდე მაშველებს, მეორე მხრივ, საყვედურობდე, თითქოს დაგვიანებით ჩაფრინდა ვერტმფრენი, დაგვიანებით მივიდნენ მაშველები. თუ მადლობას ვუხდით, იმიტომაც ვუხდით მადლობას, რომ იმ სტანდარტებსა და შესაძლებლობებში, რაც აქვს სამაშველო სამსახურს, მათ შორის რთული რელიეფის გათვალისწინებით, აბსოლუტურად სწრაფად იქნა მობილიზებული ყველა ძალა, მათ შორის სამი ვერტმფრენი, ორი – თბილისიდან, ერთი – ქუთაისიდან. ქუთაისიდან, სამწუხაროდ, მეტეოროლოგიური პირობების გამო ფრენა ვერ შესრულდა, თბილისიდან კი უმოკლეს ვადაში ჩამოფრინდა ვერტმფრენი. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სამი საათი ჰქონდა ვერტმფრენს სამუშაოდ დღის სინათლეში. ამ სამი საათის განმავლობაში ყველა, ვინც უშუალოდ ეპიცენტრში იყო მოხვედრილი, იყო იდენტიფიცირებული, მათ შორის დრონების მეშვეობით, რომლებიც, პარალელურად, უფრო ახლო დისტანციიდან ახდენდნენ ადამიანების იდენტიფიცირებას. ამიტომ საკმარისი დრო იყო, რათა ვერტმფრენითაც დათვალიერებულიყო ტერიტორია. 1 000 მეტრის სიგრძის, 270 მეტრი სიგანის ტერიტორიაა. მით უმეტეს, მეწყრის პირობებში მინდვრად არის ქცეული მთელი ეს ტერიტორია, ადვილად ხილვადია გვერდებიდანაც, ვერტმფრენიდანაც და დრონი როცა იყო ჩართული, მათ შორის დრონის მეშვეობით. შესაბამისად, ყველა, ვინც მეწყრის ეპიცენტრში იყო, იმავე დღეს იქნა გადაყვანილი ვერტმფრენით ქალაქ ონში. ასევე, დარჩენილი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მეწყერმა მოწყვიტა, ასე ვთქვათ, დანარჩენ სამყაროს, ისინი უსაფრთხოდ იყვნენ მთელი ღამის განმავლობაში და შემდეგ ასევე გადაყვანილი იყვნენ ქალაქ ონში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.