შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროდ, ამ დონემდეა მისული „ენჯეო“ სექტორი, რომ პარლამენტს, რომელსაც აქვს ხალხის ლეგიტიმაცია, თურმე მათი ლეგიტიმაციის გარეშე არ აქვს სახალხო დამცველის არჩევის უფლება
სამწუხაროდ, ამ დონემდეა მისული „ენჯეო“ სექტორი, რომ პარლამენტს, რომელსაც აქვს ხალხის ლეგიტიმაცია, თურმე მათი ლეგიტიმაციის გარეშე არ აქვს სახალხო დამცველის არჩევის უფლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველის კენჭისყრამდე გავრცელდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტს, არ აერჩია ლევან იოსელიანი და რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმაცია.
„ყველა ქვეყანაში არის რეგულაციები ან ცდილობენ ქვეყნები, რომ ჰქონდეთ რეგულაციები, რათა დაცული იყოს პოლიტიკური სისტემა არასწორი გავლენებისგან. ეს დაცვის მეთოდი არის გამჭვირვალობის გზით, როდესაც მოქალაქეს აქვს ინფორმაცია. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, 7 მარტს ავირჩიეთ სახალხო დამცველი. იცით, რომ სახალხო დამცველმა ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა ოპოზიციიდან სამ ქალ დეპუტატს. მადლობა გადაუხადა, რათა მათ ზეწოლას გაუძლეს და ხმა მისცეს მას. არ ვიცი, ზეწოლა საიდან მოდიოდა, თუმცა კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე გავრცელდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, რომელიც, ფაქტობრივად, მოუწოდებდა პარლამენტს, არ აგვერჩია ლევან იოსელიანი და პირდაპირ ამბობდნენ, რომ სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს არასამთავრობო ორგანიზაციების ლეგიტიმაცია. სამწუხაროდ, ამ დონემდე არის მისული გარკვეული გაგება „ენჯეოს“ სექტორში, რომ მათი ლეგიტიმაციის გარეშე, პარლამენტს, რომელსაც აქვს ხალხის ლეგიტიმაცია, რომელიღაც ორგანიზაციის გარეშე, არ აქვს უფლება, აირჩიოს სახალხო დამცველი. ამ ხელმომწერ ორგანიზაციებში იყო, მათ შორის, სერგი კაპანაძის ორგანიზაცია. იმ სერგი კაპანაძის, რომელიც იდგა პარლამენტის წინ და ამბობდა, რომ მას თითქმის მწვანე აქვს ანთებული, რათა შევარდეს პარლამენტში და განსჯიდა, საიდან სჯობდა შევარდნა. არ ვიცი, მას საიდან ჰქონდა ეს მწვანე შუქი ანთებული და თუკი ავთენტურია ეს ჩანაწერი, უნდა განაცხადოს, რაზე საუბრობს.
ორი ჩანაწერი გავრცელდა და ორივე ჩანაწერში ფიგურირებდა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, თუ როგორ გეგმავდნენ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობის აღებას პოლიტიკოსებთან ერთად, ყოველ შემთხვევაში, საუბარი იყო შეჭრაზე. არ ვიცი, თავად იტყვიან, რაზეა აქ საუბარი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.