შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები არასამთავრობო სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს
სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები არასამთავრობო სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს, პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში და არიან მონაწილე ჩვეულებრივი პოლიტიკური დღის წესრიგის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დროა, პოლიტიკურ პარტიად გადაკეთდეს.
„დიდი ხანია, ვაფრთხილებდით ამ კონკრეტულ არასამთავრობოებს, რომ საბოლოო ჯამში ეს დამთავრდებოდა მათი დისკრედიტაციით და ასეც მოხდა. სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს, პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში და არიან მონაწილე ჩვეულებრივი პოლიტიკური დღის წესრიგის. გუშინდელი დღე იყო ამის პიკი, როდესაც ჩვენ ვნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებად იქცნენ ფაქტობრივად. ამიტომაც არის, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც კი მოუწოდებენ მათ, რომ ალბათ დროა, გადაკეთდნენ პოლიტიკურ პარტიებად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი 2020 წელსაც იყო ჩართული გარკვეულ მანიპულაციებში, რომელიც პარალელური ხმების დათვლას ეხებოდა.
„ამ პროცესს ჩვენ ვხედავთ დიდი ხანია, მათ შორის 2020 წლის არჩევნებმა აჩვენა ეს, როდესაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართული იყო მანიპულაციაში. შეგახსენებთ, ხმების პარალელური დათვლის მანიპულირებულ შედეგებს, რომელსაც საზოგადოებას ერთი თვის განმავლობაში უმალავდა „სამართლიანი არჩევნები“ საზოგადოებას, იცოდნენ, რა იყო ნამდვილი შედეგები და უმალავდნენ. შემდეგ, რვა თვის მანძილზე უმალავდნენ საზოგადოებას იმ უბნების სიას ან დასახელებას, სადაც განაცხადეს, თითქოს რვა პროცენტში იყო მეტობა. ვიდრე პარლამენტში საგამოძიებო კომისია არ შეიქმნა და იძულებული არ გახდნენ, წარმოედგინათ ეს სია, მანამდე არ წარადგინეს. როცა წარმოადგინეს ვნახეთ, რომ იყო ტყუილი, თითქოს უბნების რვა პროცენტში იყო მეტობა. აქედან გამომდინარე, ეს არის ის ბუნებრივი დასასრული იმ პროცესისა, რაშიც ისინი შესული იყვნენ, რომ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად. პრობლემა ის კი არ არის, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგი ჰქონდეს ამა თუ იმ ორგანიზაციას, პრობლემა არის ის, როდესაც საქმე გვაქვს ფარსთან. როცა ამოფარებულია რაღაც სურათს, თითქოს ეს არის მიუკერძოებელი ორგანიზაცია, სინამდვილეში ეს არის საკუთარი დღის წესრიგის მქონე ორგანიზაცია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს არც საზოგადოებასთან და არც სამოქალაქოსთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.