შალვა პაპუაშვილი - სამწუხარო რეალობაა, როდესაც საზოგადოებრივი თანხმობის პროცესის უკან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დგას მხოლოდ ერთი პოლიტიკური გათვლა, სააკაშვილის ციხიდან დახსნა
შალვა პაპუაშვილი - სამწუხარო რეალობაა, როდესაც საზოგადოებრივი თანხმობის პროცესის უკან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დგას მხოლოდ ერთი პოლიტიკური გათვლა, სააკაშვილის ციხიდან დახსნა

„ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნული თანხმობის პროცესს უყურებს, როგორც მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნის ინსტრუმენტს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის პროცესს უყურებს, როგორც ფართო საზოგადოებრივ პროცესს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პროცესს უყურებს ვიწროდ, როგორც მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნის ინსტრუმენტს. ეს არის სამწუხარო რეალობა, როდესაც ასეთი პროცესების უკან, როგორიც არის საზოგადოებრივი თანხმობა, შერიგება, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დგას მხოლოდ ერთი მარტივი პოლიტიკური გათვლა – მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნა. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად არის საკუთარ თავზე კონცენტრირებული ეს პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აპირებს მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების და პარტიის გუნდის მხრიდან გამოთქმული ბრალდებების გაქარწყლებას, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მათი მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული შტურმი მიმდინარეობს.

„იცით, რომ სტრასბურგის სასამართლომ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს, ჩართო დროებითი ღონისძიება და მოიკითხა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა. თქვენ გახსოვთ, რომ სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, შიმშილობა შეეწყვიტა, ხოლო სახელმწიფოს სთხოვა, მიეწოდებინა ინფორმაცია, თუ როგორ ხდებოდა მისი მკურნალობა. იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოს ყველა ეს ინფორმაცია მიაწოდა და შედეგი იყო ის, რომ ერთი, იმ დროებითი ღონისძიებით, იმ მომენტისთვის კმაყოფილი იყო სტრასბურგის სასამართლო და მეორე, ეს დროებითი ღონისძიება საერთოდ შეწყვიტა, ანუ დაკმაყოფილდა იმ განმარტებებით, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ ამ პროცესის გარშემო არსებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით მიაწოდა. ეს თავისთავად არის შეფასება, რომ მთლიანად ეს პროცესი, რაც იყო სააკაშვილის განთავსება, გადაყვანა და ა.შ, იყო იმ სტანდარტების, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, არ ყოფილა წუთი, როდესაც მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდა ის სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდებოდა და მათ შორის, მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაც არის გამოჩენილი.

„რაც შეეხება მის ამა თუ იმ დაწესებულებაში გადაყვანას, ჩვენ ვისმენთ, თითქოს, მოხდა მისი გატაცება და ა.შ, რაც ვხედავთ, რომ ასევე კლიშეების მიკერებაა. ადამიანს აღკვეთილი აქვს თავისუფლება და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ რა თქმა უნდა, მას შეზღუდული აქვს გარკვეული თავისუფლებები. შესაბამისად, მისი მიმაგრება, თუ შესახლება ამა თუ იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, გახლავთ პენიტენციური სისტემის გადასაწყვეტი საკითხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, განიხილება თუ არა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის საკითხი, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს პარლამენტის განსახილველი საკითხი არ არის, მაგრამ როგორც უკვე აღნიშნა, არ ყოფილა არც ერთი სამედიცინო პროცედურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დასჭირდა და არ ჩაუტარდა.

შეკითხვაზე, დადგება თუ არა დღის წესრიგში სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაზე საქმე აღიძრება და მას ბრალს წაუყენებენ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ადამიანმა საქართველოში უნდა მოიხადოს სასჯელი და ჩვენთან სწორედ ეს ხდება.

„პოლიტიკურად, რა თქმა უნდა, ეს ასე შეგვიძლია, დავინახოთ. ჩვენი საზოგადოების ინტერესი და მოთხოვნაც არის ის, რომ ჩადენილი დანაშაულისთვის მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ბოლომდე უნდა მოიხადოს თავისი სასჯელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ წლებია, ცდილობს, პარტიის ლიდერების წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო პროცესებს პოლიტიკური მართლმსაჯულების იარლიყი მიაკეროს.

„ეს არის მათ შორის, საკმაოდ მარტივი პროპაგანდისტული ხრიკი, რომ იარლიყების მიკერებით პროცესის დისკრედიტირება მოახდინონ, იმის ნაცვლად, რომ შინაარსზე ისაუბრონ. არადა, ბოლო წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაახლოებით, თხუთმეტი წამყვანი ლიდერი – პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და სხვები, ქართული მართლმსაჯულების მიერ დამნაშავედ იქნენ ცნობილი სხვადასხვა დანაშაულისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ განცხადებით შალვა პაპუაშვილმა უპასუხა გადაცემის წამყვანის, როგორ ესახება „ქართულ ოცნებას“ საქმიან დღის წესრიგზე გადასვლა იმ ვითარებაში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე საუბრობს, შიმშილობის რეჟიმშია და მთავარ ოპოზიციურ პარტიას სრულიად სხვა დღის წესრიგი აქვს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საზოგადოებას აქვს სამართლიანობის აღქმა და ეჭვი არ ეპარება იმაში, რა იყო მიხეილ სააკაშვილის როლი სანდრო გირგვლიანის მკვლელების მფარველობაში, გელაშვილის ცემის საქმეში და ა.შ.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების წინააღმდეგ არსებულ საქმეებში აღიარებებიც არის.

„მათ შორის, გიგი უგულავამ აღიარა 48 მილიონის მითვისება, გაფლანგვა, თუ მოპარვა, როგორ დავარქმევთ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მან ეს აღიარა. უბრალოდ, ამბობდა, რომ ეს არის ჩვეულებრივი სამოხელეო გადაცდომა, რომ ბიუჯეტიდან ჩვენი ფული, 48 მილიონი აიღო და თავისი პარტიის წევრებს დაურიგა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც პოლიტიკოსი დანაშაულშია მხილებული, მას აღარ აქვს მორალური უფლება, საზოგადოების მხარდაჭერა მიიღოს.