შალვა პაპუაშვილი - სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით კამპანიის ერთადერთი მიზანია, დამსახურებული მსჯავრი აარიდონ მიხეილ სააკაშვილს
შალვა პაპუაშვილი - სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით კამპანიის ერთადერთი მიზანია, დამსახურებული მსჯავრი აარიდონ მიხეილ სააკაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართულ ციხეებში ყველა მსჯავრდებულს სათანადო სამედიცინო მომსახურება აქვს.

მისივე თქმით, სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით მოთხოვნა სინამდვილეში, სააკაშვილისთვის მსჯავრის აცილებას ისახავს მიზნად.

როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, როდესაც საზოგადებას ატყუებენ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დეზინფორმაციულ კამპანიაზე დაფუძნებული ძალაა „ნაციონალური მოძრაობა“.

„უპირველესად ყოვლისა, პირველი, რაც მნიშვნელოვანია, ყველა მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სათანადო სამედიცინო მომსახურება, რაც ქართულ ციხეებში უზრუნველყოფილია. ყველა მსჯავრდებულს, მისი სტატუსის მიუხედავად, აქვს სათანადო სამედიცინო მომსახურება.

მიხეილ სააკაშვილის ვითომდა სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით კამპანია, სინამდვილეში, მიხეილ საკაშვილის გათავისუფლების კამპანიაა, რათა მან აირიდოს სასჯელი, რომელიც ქართულმა მართლმსაჯულებამ მიუსაჯა. როდესაც საზოგადებას ატყუებენ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დეზინფორმაციულ კამპანიაზე დაფუძნებული ძალაა „ნაციონალური მოძრაობა“. ასე რომ, ამ კამპანიას ერთადერთი მიზანი აქვს, დამსახურებული მსჯავრი აარიდონ მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხს, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, თუმცა თავად პაპუაშვილისთვის შეწყალება მისაღები არ იქნებოდა.

„ჩემი განსასაზღვრი არ არის, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა. ამ შემთხევაში, მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ვიტყვი, რომ ჩემთვის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მისაღები არ იქნებოდა, ადამიანის, რომელმაც დღეის მდგომარეობით დადასტურებულია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი აცემინა სიკვდილამდე და მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელებს დააფარა ხელი. არც ერთ ამ დანაშაულს ის საერთოდ არ ინანიებს. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, შეწყალება მისაღები არ იქნებოდა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.