შალვა პაპუაშვილი - მიმდინარეობს დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს დემოკრატიაზე, 2020 წელს რაც ვნახეთ, იგივე სცენარი მეორდება, რომელიც უკვე გაწერილია „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში
მიმდინარეობს დეზინფორმაციული შტურმი საქართველოს დემოკრატიაზე. 2020 წელს რაც ვნახეთ, იგივე სცენარი მეორდება, რომელიც უკვე გაწერილია „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, პირდაპირ მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშშია გაწერილი.
„გუშინ ვიხილეთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ჯგუფის განცხადება. მათ შორის რამდენიმე, როგორც მოგეხსენებათ, ცნობილ იქნა საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად და ამის შესახებ ანტიკორუფციულმა ბიურომ მტკიცებულებები წარმოადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებითაც დადასტურდა, რომ, მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ აქვს საარჩევნო მიზნები, რაც ისედაც ჩანდა. ამ ორგანიზაციებმა 20 ოქტომბერს უცხოური დაფინანსებით თბილისის ცენტრში მოაწყვეს საარჩევნო ღონისძიება, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს დარღვევას, მაგრამ შევხედოთ, რა იყო გუშინ.
ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ განცხადებები გაყალბებასთან დაკავშირებით, ბატონ თენგოს უნდა აეხსნა ჩვენთვის, მაგრამ ვინაიდან ვერ აგვიხსნა, რა იყო ეს გაყალბების საშუალებები, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწიათ საუბარი.
გუშინ ვნახეთ მათი ბრიფინგი, სადაც იყო ციფრების თუ რიცხვების ბრახაბრუხი, 300 000 ხმა, რაღაც მტკიცებულებები, ფოტო-ვიდეომასალა, ითხოვენ 180 უბნის გაუქმებას. ჩვენ ვნახეთ, რა ატვირთეს, დავაკვირდით, რაც იყო შესაძლებელი დროში. მართლაც სამარცხვინოა, როდესაც ასეთი სახის ფსევდომტკიცებულებებით ცდილობენ ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას. დეზინფორმაციული შტურმია საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო შეტევა საქართველოს დემოკრატიაზე. რაც ვნახეთ 2020 წელს, ზუსტად იგივე სცენარი მეორდება. სხვათა შორის, ეს სცენარი უკვე გაწერილია „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნდა. პირდაპირ მიჰყვებიან იმ სცენარს, რომელიც იქ არის გაწერილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა ანგარიში მოამზადა. ანგარიში „მაკკეინის ინსტიტუტის“ ვებგვერდზე 17 სექტემბერს გამოქვეყნდა.
ანგარიშის მიხედვით, ქართული არასამთავრობოების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს. „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში ასევე ნათქვამია: „ქართული ოცნება“ თუ გაიმარჯვებს დამკვირვებელთა დადასტურებით, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს შემდგომი მონიტორინგი, განსაკუთრებით, მთავრობის რეაქციისა მოსალოდნელ პროტესტზე. „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში ასევე აღნიშნულია: „ოპოზიციის მიერ საქართველოს კონფლიქტში ჩათრევაზე „ქართული ოცნების“ განცხადება მძლავრი გზავნილია, ქართველებს დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიები არ უნახავთ“.