შალვა პაპუაშვილი - სამარცხვინო იყო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაისმა დეზინფორმაცია ტექნიკის მიმართ, ხალხი სულელი ჰგონიათ, ვერაფერს დააბრალებ ტექნიკას, რომელსაც შეგიძლია, აუდიტიც ჩაუტარო
შალვა პაპუაშვილი - სამარცხვინო იყო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაისმა დეზინფორმაცია ტექნიკის მიმართ, ხალხი სულელი ჰგონიათ, ვერაფერს დააბრალებ ტექნიკას, რომელსაც შეგიძლია, აუდიტიც ჩაუტარო

სამარცხვინო იყო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაისმა დეზინფორმაცია ტექნიკის მიმართ. ხალხი სულელი ჰგონიათ, ვერაფერს დააბრალებ ტექნიკას, რომელსაც შეგიძლია, აუდიტიც ჩაუტარო, ნახო ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა აღნიშნული კომენტარით უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „მედიაარქივი ინახავს ოპოზიციის, მათ შორის ზურაბიშვილის განცხადებებს ელექტრონულ აპარატებთან დაკავშირებით. ისინი იწონებდნენ და ამბობდნენ, რომ გაყალბება შეუძლებელი იქნებოდა. როგორ შეაფასებთ, რომ შეცვალეს რიტორიკა და ახლა სხვა პოზიციას აფიქსირებენ?“.

პაპუაშვილის განმარტებით, ოპოზიცია თანმიმდევრული არ არის საკუთარ განცხადებებში და ეს ერთი პრობლემაა, თუმცა ელექტრონულ აპარატებთან დაკავშირებით მათი განცხადებები აბსოლუტურ სისულელეს წარმოადგენს.

„სულელები არიან, ამის თქმა მინდა რა. ერთი პრობლემაა, საკუთარ აზრზე დამოკიდებულებას რომ სხვანაირად წარმოაჩენენ და თანმიმდევრული რომ არ არის ოპოზიცია, იმ მომენტში რაც აწყობს, იმას ლაპარაკობს, ეს ისედაც ვიცით, მაგრამ სულელები იმიტომ არიან, რომ ადრე თუ ეჭიდებოდნენ რაღაც ბიულეტენს და ქაღალდს, ახლა ეჭიდებიან ტექნიკას. შეიძლება, ადამიანს დააბრალო რამე რაღაც ქმედებაში, რომელიც არ არის დაფიქსირებული, რადგან ადამიანის ცხოვრება 24 საათი არ აღიბეჭდება. ტექნიკას ვერაფერს დააბრალებ. ვერც კი ხვდებიან, რომ 21-ე საუკუნეში არიან და შეეჭიდნენ ტექნიკას, რომელსაც ვერაფერს დააბრალებ, რომელსაც შეგიძლია, აუდიტიც ჩაუტარო, შეგიძლია, ნახო ყველაფერი, მთლიანი პროცესები. აბსოლუტური სისულელე არის ამის გაკეთება. კიდევ ერთხელ, სამარცხვინო იყო, რომ გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის სასახლიდან გაისმა ქალბატონი სალომეს პირდაპირი დეზინფორმაცია. კარგი, პარტიებს რაღაცებს აბრალებს, მაგრამ დეზინფორმაცია ტექნიკის მიმართ. გამოვიდა და ცილი დასწამა ტექნიკას. არ ვიცი, რა თუ არა, სისულელეა ეს ყველაფერი. მათი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჰგონიათ, ქართველ ხალხზე ცოტა მაღლა დგანან, ქართველი ხალხი სულელი ჰგონიათ. როგორც სხვა დროს ასულელებდნენ, ახლა ხომ ხედავთ, საკუთარი მომხრეებიც კი ვერ გაასულელეს და 62 000 ამომრჩეველი დაკარგეს. რა თქმა უნდა, ისინი მთლიან მოსახლეობას ვერ გაასულელებენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და სამ ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად აქციები დაანონსა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ქვეყანაზე განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია.