შალვა პაპუაშვილი - სამ მოსამართლესა და ყოფილ მოსამართლესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაზე კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არ არის სანქცია, არის სავიზო შეზღუდვა და იყო ენობრივი თარგმანის პრობლემა
შალვა პაპუაშვილი - სამ მოსამართლესა და ყოფილ მოსამართლესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაზე კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არ არის სანქცია, არის სავიზო შეზღუდვა და იყო ენობრივი თარგმანის პრობლემა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებაზე.

მისივე თქმით, ელჩმა განმარტა, რომ ეს არა სანქცია, არამედ სავიზო შეზღუდვაა.

„სამ მოსამართლეს და ერთ ყოფილ მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია – ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია, არის სავიზო შეზღუდვა და იყო ენობრივი თარგმანის პრობლემა. შედეგობრივად, სავარაუდოდ, დიდი განსხვავება არ არის, თუმცა ტერმინი „სანქცია“ ალბათ აქ არ გამოიყენება. ასევე, ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რა მტკიცებულებები არსებობს ამის უკან. ელჩმა გაიმეორა ის, რასაც ჩვენ საჯაროდ ვისმენდით, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებულია, ძირითადად, საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე. როგორც ჩანს, არაფერი რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ არსებობს, არის ის, რაც პრესაში თუ სხვადასხვა კვლევაშია. ის, რაც ჩვენ, ყველამ ვიცით, თუმცა სპეციფიკურად რომელი ინფორმაცია იყო ამის განმაპირობებელი, ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მიგვიღია. მართალია, თვითონ გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ სავიზო შეზღუდვას, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია ადამიანების, საქართველოს მოქალაქეების, ქართველი მოსამართლეების მიმართ პიროვნული შეტევა, მათთვის, როგორც კორუმპირებული მოსამართლეებისთვის, იარლიყების მიწებება. პარტნიორები ასე არ იქცევიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.