შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილს არ სცალია იმისთვის, რაც მისი ძირითადი ვალდებულებაა, არ სცალია მსჯავრდებულებისთვის, მოქალაქეების წუხილისთვის, წინასაარჩევნო პერიპეტიებით არის დაკავებული
შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილს არ სცალია იმისთვის, რაც მისი ძირითადი ვალდებულებაა, არ სცალია მსჯავრდებულებისთვის, მოქალაქეების წუხილისთვის, წინასაარჩევნო პერიპეტიებით არის დაკავებული

სალომე ზურაბიშვილს, როგორც ჩანს, არ სცალია მსჯავრდებულებისთვის, არ სცალია მოქალაქეების წუხილისთვის, წინასაარჩევნო პერიპეტიებით არის დაკავებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს ამნისტიის კანონზე ხელი არ მოუწერია.

„სალომე ზურაბიშვილს არ სცალია იმისთვის, რაც მისი ძირითადი ვალდებულებაა. ეს ახალი არ არის, ჩვენ ამ ტენდენციას ვხედავთ. სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტია, რაც დადგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. როგორც შემდეგ ვნახეთ, ისიც აღიარებს ამას. ერთადერთი მიზეზი, რატომაც ჯერ კიდევ იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, ეს არის მიხელ სააკაშვილის მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელმაც იმპიჩმენტის დროს შეუნარჩუნა თანამდებობა. რისთვის შეინარჩუნა? მაშინაც ვამბობდით, რომ მხოლოდ რადიკალური დღის წესრიგისთვის სჭირდებოდათ ქალბატონი სალომე. შეინარჩუნა იმისთვის, რომ ნიკა გვარამია შეეწყალებინა, რათა პროცესებში ჩარეულიყო რადიკალური დღის წესრიგის სახით. ფაქტობრივად, დღეს მას ჩანაცვლებული ჰყავს მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი ციხეშია, იქიდან იძლევა ინსტრუქციებს. ამ ინსტრუქციებს უკვე ტრიბუნით აჟღერებს და ხელმძღვანელობს სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 17 სექტემბერს  მიიღო. ამნისტიის კანონის მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებას 1 000-ზე მეტი პატიმარი კანონის ძალაში შესვლისთანავე დატოვებს. მთლიანობაში, სხვადასხვა შეღავათის სახით ამნისტია 5 000-ზე მეტ პატიმარს შეეხება. კანონი ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნა, თუმცა სალომე ზურაბიშვილს ჯერ ხელი არ მოუწერია.