შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა უნდა დაასახელოს, ვინ იყვნენ ის უცხოელები და როგორ არწმუნებდნენ ოპოზიციას, ხელი მოეწერათ ბანანის რესპუბლიკად გამოცხადების დოკუმენტზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, გაამხილა, რომ ქარტიის დოკუმენტი უცხოელი პოლიტიკოსების ჩარევით შედგა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას საქართველოს ბანანის რესპუბლიკად გამოცხადების დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა დაასახელოს, ვინ იყვნენ ეს უცხოელები და როგორ არწმუნებდნენ ოპოზიციას, ხელი მოეწერათ ასეთ დოკუმენტზე.
„ეს არის ზუსტად ის, რაზეც ვსაუბრობდით. ზუსტად ამას ადასტურებს ქალბატონი სალომე, როგორც ოქროს მოწმე იმ პროცესისა, როგორ ხდება საქართველოს არჩევნებში ჩარევა. მან, ფაქტობრივად, გაამხილა, რა ხდებოდა ე.წ. ქარტიასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო უცხოელი პოლიტიკოსების ჩარევით შედგენილი დოკუმენტი, რომელზეც შემდეგ დაიყოლიეს ოპოზიცია, ხელი მოეწერა. უცხოელმა რჩევის მიმცემებმა, ამით, ფაქტობრივად, ჩვენს ოპოზიციას ხელი მოაწერინეს საქართველოს ბანანის რესპუბლიკად გამოცხადების დოკუმენტზე.
შეგახსენებთ, რა წერია ამ დოკუმენტში. დოკუმენტში წერია, რომ ქართველ ხალხს არ გვაქვს უნარი, ავირჩიოთ ხელისუფლება, ავირჩიოთ პარლამენტი და მთავრობა. ამ დოკუმენტში წერია, რომ ვერ ავირჩევთ, ჩვენ არ გვაქვს ამის უნარი, ცოდნა, ინტელექტი, გამოცდილება. არ გვაქვს ასეთი დონე, ქალბატონი სალომეს და მისი უცხოელი მრჩევლების გადმოსახედიდან, ამიტომ უნდა ავირჩიოთ დროებითი მთავრობა, რომ შემდეგ, ერთ წელიწადში ჩვენ დავჭკვიანდებით, ცოტა მეტად განათლებული გავხდებით ქართველი ხალხი და ერთი წლის შემდეგ, რიგგარეშე არჩევნებზე უკვე ნამდვილ მთავრობას ავირჩევთ.
ბანანის რესპუბლიკად გვაცხადებენ ქალბატონი სალომე და ოპოზიცია, როგორც ჩანს, უცხოელებიც, რომლებიც ამაში ჩარეულები იყვნენ. ეს გაირკვა კიდევ ერთხელ, დადასტურდა. ამიტომ, ქალბატონმა სალომემ უნდა დაასახელოს ხოლმე, ვინ იყვნენ ეს უცხოელები. ეს იყვნენ პოლიტიკური თანამდებობის პირები, იყვნენ ევროპელები, ამერიკელები, რომელი ქვეყნიდან და როგორ ერეოდნენ, რა კონსულტაციებს მართავდნენ, როგორ არწმუნებდნენ ოპოზიციას, რომ ხელი მოეწერათ ბანანის რესპუბლიკად გამოცხადების დოკუმენტზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციას ერთობლივად მუშაობა მოუწევს, თუმცა მათთვის ეს მარტივი არ იქნება.
„ცხადია, მათ შორის მუშაობა არჩევნების მერე არ იქნება მარტივი, არ იქნება მარტივი მათი ურთიერთობები, მაგრამ ისიც არის, რომ არცერთი ძალა არ იქნება ერთპარტიული მმართველი, იძულებული იქნებიან, რომ ერთმანეთთან რაღაც კომპრომისებზე წავიდნენ. დღესაც კვლევები ამას გვეუბნება, რომ დაახლოებით ერთი წონის არიან ეს ოთხი პარტია. ვინ ცოტა უკან, ვინ ცოტა წინ, მაგრამ არავინ არის, რომელსაც შეუძლია, სხვები გასწიოს გვერდით. მეორე იქნება ჩვენი ევროპელი პარტნიორების დახმარება ამაში, რადგან ისინი უკვე ეუბნებიან ამას. სხვათა შორის, თუ ხელი მოაწერეს, ესეც მათი დამსახურებაა, უთხრეს, რომ ეს არის სწორი გამოსავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.