შალვა პაპუაშვილი - სახეზე გვაქვს არაავთენტური, კოორდინირებული ქცევა ცესკო-ს შესარჩევ კომისიაში მყოფი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან
შალვა პაპუაშვილი - სახეზე გვაქვს არაავთენტური, კოორდინირებული ქცევა ცესკო-ს შესარჩევ კომისიაში მყოფი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან

როგორც იკვეთება, სახეზე გვაქვს არაავთენტური, კოორდინირებული ქცევა შესარჩევ კომისიაში მყოფი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, წინასწარი შეთანხმებით მისცეს ხმა მხოლოდ იმ ორ კანდიდატს, რომლებიც მათივე ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მხოლოდ ცინიზმით თუ აიხსნება, მათ რჩეულ ორ კანდიდატში „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) გამგეობის თავმჯდომარის მოხვედრა.

„ამ ორგანიზაციამ სრულად მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია იმით, რომ ერთი თვე გამოქვეყნებული ჰქონდა პარალელური დათვლის ყალბი შედეგები და საზოგადოებას ნამდვილ შედეგებს უმალავდა.  განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციებმა ცესკოს თავმჯდომარეობის არცერთ კანდიდატს არ მისცეს ხმა და ამით შეეცადნენ ჩაეშალათ კონკურსი. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არარჩევა რეფორმირებული კანონმდებლობით კი გამოიწვევს იმას, რომ ოქტომბრის არჩევნებს ჩაატარებს ცესკო, რომელშიც ოპოზიციას ექნებოდა უმრავლესობა, და რომლის თავმჯდომარე იქნებოდა ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული მოადგილე. ამგვარი კოორდინირებული ქცევა, და როგორც უკვე იკვეთება, მათი მხრიდან კანდიდატების მიმართ რეპუტაციის შემლახავი კამპანიის წამოწყება, არის ამ ორგანიზაციების მხრიდან მომავალი არჩევნების დისკრედიტირების ღია მცდელობა და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის სამწუხარო პრეცედენტი“, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ დღეს განაცხადა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე არც ერთს, ხოლო ცესკო-ს წევრად ორ კანდიდატს დაუჭირა მხარი.