შალვა პაპუაშვილი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით გარკვეულ ისტერიას პასუხი გაეცა იმით, რომ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან გარკვეულ ისტერიას პასუხი გაეცა იმით, რომ დისკუსიის მოსმენის შედეგად პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
მისი თქმით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება ნაკარნახევია იქიდან, რომ „ინსტიტუციურად ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და რაიმე არსებითი კრიტიკა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს“.
„ამ პროცესის განმავლობაში გვესმოდა სხვადასხვა სახის კრიტიკა, მათ შორის, რატომ იყო დაჩქარებული პროცესი. ამასობაში გავიდა ბევრი დრო და იყო საკმაო დრო იმისთვის, რომ თუკი რაიმე კრიტიკული არგუმენტი არსებობდა, გამოთქმულიყო. ყველა არგუმენტი გამოითქვა, ყველა არგუმენტი გავცვალეთ. საბოლოო ჯამში, მშრალი ნაშთი დარჩა ის, რომ ყველა ვთანხმდებით, ინსტიტუციურად ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და რაიმე არსებითი კრიტიკა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. აქედან არის ნაკარნახევი პრეზიდენტის გადაწყვეტილება. პრეზიდენტმაც მოისმინა რა ყველა ეს მოსაზრება, გამოიტანა საკუთარი გადაწყვეტილება და ხელი მოაწერა ამ კანონს. აქედან გამომდინარე, მთიანად ამ პროცესს მათ შორის, გარკვეულ ისტერიას ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან, გაეცა პასუხი იმით, რომ პრეზიდენტმა ამ დისკუსიის მოსმენის შედეგად ხელი მოაწერა კანონს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.