შალვა პაპუაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, სხვა წლებთან შედარებით, განსაკუთრებული კრიტიკა არ არის, დეპარტამენტი გარკვეულ შეფასებებს ციტირებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში სხვა წლებთან შედარებით რაიმე განსაკუთრებული კრიტიკა ან ახალი შეფასება არაა მოცემული.
„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან ახალი არაფერი გაგვიგია. მათ შორის ის, რომ ანგარიში კრიტიკულია. ამ ანგარიშის არსი ისაა, იყოს კრიტიკული და ვნახეთ, რომ სხვა წლებთან შედარებით რაიმე განსაკუთრებული კრიტიკულობა არ არის, შინაარსობრივადაც რაიმე ახალი ფაქტი ან შეფასება ამ ანგარიშში ვერ ვნახეთ. რაც შეეხება სხვადასხვა საკითხს, ეს სწორედ ის საკითხებია, რაც საზოგადოებაში, მედიაში, პარტიებს შორის განხილვის საკითხი არაერთხელ ყოფილა. საზოგადოებას თითოეულ საკითხზე თავისი აზრი აქვს ჩამოყალიბებული. არ მგონია, რაიმე სიახლე იყოს დისკუსიის თვალსაზრისით ქართულ საზოგადოებაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება სააკაშვილის საქმეს, პაპუაშვილის განმარტებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში გარკვეული შეფასებებია ციტირებული.
„რაც შეეხება საკაშვილს, ანგარიშში ევროპული სასამართლოს შეფასება გვაქვს სწორედ იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რაზეც დიდი ხანია, იყო საუბარი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა იმით, რომ თქვა, არ არსებობს რაიმე კითხვის ნიშანი მის მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით. სახელმწიფო დეპარტამენტი თავად არ აფასებს, ის ახდენს გარკვეული შეფასებების ციტირებას. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომ მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო მომსახურება ეწევა ციხეში. ანუ, სტრასბურგის სასამართლომ რაიმე დამატებითი საჭიროება ვერ დაინახა და თან ორჯერ. ერთხელ დროებითი ღონისძიება გააუქმა და მეორედ განხილვების სიიდან საქმე ამოშალა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.