შალვა პაპუაშვილი - სახალხო დამცველს მინიჭებული აქვს მანდატი, რომ სხვადასხვა პროცესს დააკვირდეს, უმჯობესია, ნინო ლომჯარიამ საკუთარი ვალდებულება განახორციელოს
შალვა პაპუაშვილი - სახალხო დამცველს მინიჭებული აქვს მანდატი, რომ სხვადასხვა პროცესს დააკვირდეს, უმჯობესია, ნინო ლომჯარიამ საკუთარი ვალდებულება განახორციელოს

უმჯობესია, სახალხო დამცველმა საკუთარი ვალდებულება განახორციელოს, – ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

დეპუტატის შეფასებით, გაუგებარია მისი გადაწყვეტილების დასაბუთება, რატომ არ მიიღებს მონაწილეობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში.

„სახალხო დამცველის განცხადებას გავეცანი და სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ გავერკვიე, რა არის მისი არსი. სახალხო დამცველს მინიჭებული აქვს მანდატი, რომ სხვადასხვა პროცესს დააკვირდეს, ეს არის მისი ვალდებულება. სახალხო დამცველობა არ ნიშნავს შერჩევით სახალხო დამცველობას, ნიშნავს, რომ ყველა პროცესს უნდა დააკვირდეს. უმჯობესია, საკუთარი ვალდებულება განახორციელოს. მეორე მხრივ, დასაბუთება რაც მის განცხადებაში იყო, გაუგებარია. საუბარია 2019 წლის რაღაც საკითხებზე, რა კავშირშია 2021 წლის პროცედურასთან, რადგან 2021 წელს მიმდინარე პროცესთან შენიშვნა არ აქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ განცხადებაში სახალხო დამცველის ოფისის მხრიდან ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს პირდაპირი დისკრედიტაცია. მინიშნებაა, რომ თითქოს, ერთი ხმა იყო გადამწყვეტი და თეორიაა აგებული. არ არის სწორი, როცა სახალხო დამცველი ახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციას. ერთმა კონსტიტუციურმა ორგანომ მეორეს პატივი უნდა სცეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს.