შალვა პაპუაშვილი - საია-ს მიერ ევროკავშირის ოფისთან ინციდენტის ასე ფართოდ დახუჭული თვალებით აღწერის შესახებ, დამკვირვებლების მთელი თაობები ილაპარაკებენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მეორე შუალედურ ანგარიშს ეხმაურება.
კერძოდ, საუბარია ანგარიშში მოცემულ ერთ-ერთ ქვეთავზე – წვრილმანი ხულიგნობის ფაქტები, სადაც საია 23 სექტემბერს ევროკავშირის ოფისთან ინციდენტზე წერს.
საია-ს ანგარიშის აღნიშნულ ქვეთავში წერია – „დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან 23 სექტემბერს ევროკავშირის ოფისის წინ ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტს უკავშირდებოდა. ინციდენტის დროს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ოპოზიციის ლიდერს შეაგინა“.
„როგორც იტყვიან, ხელნაწერები არ იწვიან. საია-ს მიერ ამ შემთხვევის ასე ფართოდ დახუჭული თვალებით აღწერის შესახებ დამკვირვებლების მთელი თაობები ილაპარაკებენ“,- წერს პაპუაშვილი და ორგანიზაციის ანგარიშიდან ამონარიდს „სქრინის“ სახით ავრცელებს.
საია-მ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით მეორე შუალედური ანგარიში დღეს გამოაქვეყნა. საია-ში აცხადებენ, რომ საანგარიშო პერიოდი ეხება სამი აგვისტოდან 24 სექტემბრის პერიოდს.