შალვა პაპუაშვილი - საერთაშორისო თანამშრომლობისა და დახმარების ეთიკას ეწინააღმდეგება, როდესაც ვინმეს აქვს სურვილი, ფინანსური თანამშრომლობის მექანიზმები ზეწოლის ბერკეტად გამოიყენოს
ვინმეს თუ აქვს სურვილი, ფინანსური თანამშრომლობის მექანიზმები ზეწოლის ბერკეტად გამოიყენოს, ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამშრომლობისა და დახმარების ეთიკას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთან ვინმეს თანამშრომლობის სურვილი თუ აქვს, ეს მისასალმებელია, მაგრამ თუ თანამშრომლობა ერევა გავლენების მოპოვებაში, ეს მიუღებელია ქართველი ხალხისთვის.
„ყველა ქვეყანა თავის ფულს განკარგავს ისე, როგორც მისი სურვილია. ეს მათი ხალხის ფულია და ჩვენ ვერავის დავავალდებულებთ, რომ საკუთარი ხალხის ფული დახარჯონ ქართველ ხალხზე. ჩვენ ამას ვერავის ვერ დავავალდებულებთ. თუკი ვინმეს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი აქვს, ამას მხოლოდ მივესალმებით. მაგრამ თუკი ვინმეს თანამშრომლობა ერევა გავლენებში და გავლენების მოპოვებაში, თუნდაც საქართველოს პარლამენტზე, ეს, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი ქართველი ხალხისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი წარმოადგენს ქართველ ხალხს და იმოქმედებს ქართველი ხალხის დაკვეთით.
„თუკი ვინმეს აქვს სურვილი, ფინანსური თანამშრომლობის მექანიზმები გამოიყენოს ზეწოლის ბერკეტად, ეს, კიდევ ერთხელ, ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამშრომლობისა და დახმარების ეთიკას. მათი ნებაა, გადახედონ, არავინ არ არის იძულებული, დახარჯოს ფული საქართველოში, არავის არ ვაიძულებთ, ყველა საკუთარი ნებით არის. თუ ვინმეს სურს თანამშრომლობა, სურს თანამშრომლობა. თუ ვინმეს არ სურს თანამშრომლობა, პარლამენტი იქნება თუ სხვა დაწესებულება, კიდევ ერთხელ, საქართველოს პარლამენტი მოქმედებს ქართველი ხალხის მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხებით და როგორც ატყობთ, მის ფუნქციონირებას რაიმე საფრთხე არ ემუქრება. კანონებსაც ვიღებთ, ინფრასტრუქტურული პროექტი თუ არის, იმასაც ვახორციელებთ საქართველოს პარლამენტში, ასე რომ, ყველაფერი წინ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.