შალვა პაპუაშვილი - „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ თავად გაასაჯაროვა ვიდეო, სადაც ეკა გიგაური ბათუმში მოქალაქეებს ბრძოლისა და გაერთიანებისკენ მოუწოდებს, რა არის ეს, თუ არა საარჩევნო კამპანია
„საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“ დაკავშირებით არაერთხელ გვითქვამს, რომ ბოლო პერიოდში ისინი ჩართული არიან საარჩევნო კამპანიაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი და თანადამფუძნებლები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადდნენ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში სხვა მხრივაც პრობლემურია, რადგან მათ აქვთ უცხოური დაფინანსება და ეს არის უცხოური ჩარევა შიდა პოლიტიკურ პროცესებში.
„ეს ანტიკორუფციული ბიუროს საკითხია, თუმცა ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“ დაკავშირებით, რომ ბოლო პერიოდში ისინი ჩართული არიან საარჩევნო კამპანიაში. ჩვენ ამაზე საჯარო განცხადებებიც გვქონდა. მათ შორის ეს თავად მათივე გასაჯაროებული მასალებიდან ჩანს; ერთ-ერთი ასეთი იყო ბათუმში ორგანიზებული შეხვედრა მოქალაქეებთან, რომლის ვიდეოც თავად დადეს, სადაც ქალბატონი გიგაური პირდაპირ მოუწოდებს გაერთიანებისკენ ყველას, ამბობს, რომ რუსეთი შეეცდება „ქართული ოცნების“ შენარჩუნებას ხელისუფლებაში და ამას უნდა შეებრძოლონ, რა არის ეს, თუ არა საარჩევნო კამპანია. თვალში რომ ნაცარს გვაყრის ზოგიერთი „ენჯეო“, ეს უკვე გამოდის ქართველი ხალხის დაცინვა, ყველა ყველაფერს ხედავს.
ანტიკორუფციული ბიურო რომ ძალიან სკრუპულოზურად, ზუსტად მოქმედებს, ფაქტებითაც დასტურდება. თქვენ გახსოვთ, ანტიკორუფციულმა ბიურომ მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“, თუ არ ვცდები, გამოაცხადა საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად, იქაც სკანდალი ჰქონდათ, რომ ეს არის სამოქალაქო აქტივიზმი და ა.შ. შემდეგ ხომ აღმოჩნდა ყველა პარტიაში, „ლელოში“. მერე იყო, თუ არ ვცდები, მოძრაობა „აირჩიე ევროპა“, სადაც ასევე ჰქონდათ ერთი ამბავი ატეხილი, რომ ეს აქტივიზმია. გუშინ ვნახეთ მისი ერთ-ერთი წევრი, ბატონი ჭყონია პარტიაში გაწევრიანდა, აქაც იგივე იქნება საბოლოო ჯამში. ამიტომ, მე ერთადერთი რასაც ვხედავ და მოვუწოდებ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს, იმუშაონ ძალიან დეტალურად, კანონთან ახლოს და ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ექნებათ მხარდაჭერა იმაში, რომ ამხილონ, თუ სადმე არის რაიმე დარღვევა. ეს ტენდენცია დღევანდელ ბრიფინგსაც ეხმაურება, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ამ შემთხვევაში თუნდაც „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“, გარდა იმისა, რომ ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში, ეს სხვა მხრივაც არის პრობლემური, ვინაიდან მათ გააჩნიათ უცხოური დაფინანსება და ეს არის უცხოური ჩარევა ჩვენს შიდა პოლიტიკურ პროცესებში, რაც ასევე კიდევ ცალკე დარღვევაა, რადგან ეს არის არაპირდაპირი ჩარევა შიდა პოლიტიკაში და შესაბამისად, გაერო-ს წესდების დარღვევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.