შალვა პაპუაშვილი - „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ შეასწორა პოზიცია და აღარ საუბრობს „ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებაზე“ და „სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვრის წაშლაზე“
კარგია, რომ განსხვავებით 4 ნოემბერს სხვა 23 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად გაკეთებული განცხადებისგან, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ შეასწორა პოზიცია და აღარ საუბრობს „ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებაზე“ და „სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვრის წაშლაზე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დღეს 2020 წლის არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხზე საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.
კარგია, რომ განსხვავებით 4 ნოემბერს სხვა 23 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად გაკეთებული განცხადებისგან, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ შეასწორა პოზიცია და აღარ საუბრობს „ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებაზე“ და „სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვრის წაშლაზე“.
კარგია, რომ კიდევ ერთი პრეტენზიის უსაფუძვლობა გაირკვა.
ეს უკვე მესამე უზუსტობაა, რომელიც NGO-ების 4 ნოემბრის ერთობლივ განცხადებაში აღმოჩნდა (მანამდე: შედეგების დაგვიანებული გამოცხადება, უბნების 8% დისბალანსი).
აქვე. TI-ის მიერ გადამოწმებული 2500 ოქმიდან რელევანტური დისბალანსი მხოლოდ 61 ოქმში აღმოჩნდა.
ალბათ დროა, ამ 24-მა ორგანიზაციამ გადახედოს და შეასწოროს მათ მიერ 4 ნოემბერს გაკეთებული შეფასება. განსაკუთრებით კი მისი ის პასაჟი, რომლის მიხედვითაც: „2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო“.
დღეს ამ შეფასების უკან არანაირი ფაქტი აღარ დგას და მხოლოდ უსაფუძვლო აღქმებს ეფუძნება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.