შალვა პაპუაშვილი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში გამოყენებული აღარ არის ის სიტყვათა წყობა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გვესმოდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშში გამოყენებული აღარ არის ის სიტყვათა წყობა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გვესმოდა და კარგია, რომ საბოლოო ჯამში, ორგანიზაციამ შეფასება შეცვალა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშს გავეცანით და რაც თვალში მოგვხვდა, ის არის, რომ ანგარიშში გამოყენებული აღარ არის ის სიტყვათა წყობა, რომელიც ჩვენ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გვესმოდა. მათ შორის, 4 ნოემბერს 24 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში, სადაც საუბარი იყო, რომ არჩევნებში ხელისუფლებამ უპრეცედენტოდ გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი და ამით წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის. ეს იყო პირდაპირი ციტატა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხთან.
მისივე თქმით, ახლა ანგარიშში ეს სიტყვათა წყობა, რომელიც ადმინისტრაციულ რესურსს ეხება, აღარ გვხვდება.
„ასევე ბევრი პრეტენზია გვესმოდა ძალადობაზე, მაგრამ ორგანიზაციის მონაცემებით, ყველა ძალადობაზე რეაგირება იყო და გამოძიება მიმდინარეობს. ცხრა შემთხვევაში დაკავებული პირები არიან, სულ 53 საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და სახელმწიფოს რეაგირება სათანადო იყო. ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ იყო იმაზე საუბარი, რომ ასეთი პოლიტიკური პროცესების დროს მნიშვნელოვანია ფაქტები და არა – აღქმები. რა თქმა უნდა, ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების ასეთი სახის შეფასებები ხელს უწყობს გარკვეული აღქმების შექმნას. სწორედ იმ ფაქტმა, რომ 4 ნოემბერს ორგანიზაციებმა ეს სიტყვათა წყობა ჩაწერეს და ახლა „გამჭვირვალეობა საქართველოს“ საბოლოოდ დასკვნით დასტურდება, რომ ეს ასე არ იყო, ეს ყველაფერი საფუძველს უქმნიდა გარკვეული აღქმების შექმნას და კარგია, რომ საბოლოო ჯამში, „საერთაშორისო გამჭვირვალეობამ“ ეს შეფასება შეცვალა და მათ დასკვნაში ეს შეფასება აღარ მოხვდება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.