შალვა პაპუაშვილი - საერთაშორისო დონეზეც დადასტურდა, რომ ანაკლიის საკითხზე საქმე გვაქვს თაღლითებთან, ხაზარაძეს, ჯაფარიძეს უნდოდათ ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოეღოთ ფული
საერთაშორისო დონეზეც დადასტურდა, რომ ანაკლიის საქმეზე საქმე გვაქვს თაღლითებთან, მათი თაღლითური სქემები სასამართლომ დაადასტურა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის შიგნითაც და გარეთ დადასტურდა მათი თაღლითობა და ცრუ საფუძვლით ბიუჯეტიდან თანხის მოთხოვნა.
„არბიტრაჟის გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ახლა უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურდა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს თაღლითებთან, რომლებმაც ჯერ საქართველოში თაღლითობით რა სქემებიც შეიმუშავეს, 17 მილიონი „თიბისი“ ბანკიდან, ფაქტობრივად, გააქრეს, აღმოჩნდა, რომ თურმე მათ მეგობარს ფული ჰქონდა, რომელიც შემთხვევით ასესხა და მერე შემთხვევით უიმედო ვალებით ჩამოეწერათ. ეს თაღლითური სქემები სასამართლომ დაადასტურა. მეორე თაღლითობა იყო ის, რომ მათ ყალბი საფუძვლით უჩივლეს ქართველ ხალხს და ქართველი ხალხისგან ითხოვდნენ მილიარდ-ნახევარს, ბიუჯეტის მეოთხედს. ქართველი ხალხის ჯიბიდან უნდოდათ ამოეღოთ ფული და საკუთარ ჯიბეებში ჩაედოთ ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და ამ თაღლითურ გაერთიანებას, რომელიც დღეს პარტიის სახით არის წარმოდგენილი. ასევე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც, დადასტურდა მათი თაღლითობა და ცრუ საფუძვლით ბიუჯეტიდან თანხის მოთხოვნა. ამით გაირკვა, საერთო ჯამში, პოლიტიკა რისთვის უნდათ. ხელისუფლებაში მოსვლა იმიტომ უნდოდათ, ეს ფული მიეღოთ ბიუჯეტიდან და ხალხის ხარჯზე შეევსოთ საკუთარი ჯიბეები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.