შალვა პაპუაშვილი - საელჩოების, უცხოელი აქტორების როლი ის კი არ უნდა იყოს, გარედან დააკვირდნენ საქართველოში რაც ხდება, ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც ხშირად ეხუტებიან, უნდა მოუწოდონ, აღიარონ ხალხის არჩევანი
საელჩოებისა და უცხოელი აქტორების როლი ის კი არ უნდა იყოს, გარედან დააკვირდნენ საქართველოში რაც ხდება, მათ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც ხშირად ეხუტებიან, უნდა მოუწოდონ, აღიარონ ხალხის არჩევანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილმა გაიხსენა „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიში, სადაც აღნიშნულია: „ქართული ოცნება“ თუ გაიმარჯვებს დამკვირვებელთა დადასტურებით, მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს შემდგომი მონიტორინგი, განსაკუთრებით, მთავრობის რეაქციისა მოსალოდნელ პროტესტზე“.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშში, რომელიც საქართველოში NDI-ს ყოფილი ხელმძღვანელის მიერ არის დაწერილი, ვნახეთ ფრაზა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარების შემთხვევაშიც იქნება აუცილებლად დემონსტრაციები. „მაკკეინის ინსტიტუტის“ რეკომენდაცია აშშ-ის ხელისუფლების მიმართ არის, რომ ამ დემონსტრაციებს დააკვირდეს და სოლიდარობა გამოუცხადოს.
ასე რომ, თავად ასეთი სახის ნარატივები ქმნის იმის აღქმას, თითქოს, მოლოდინი არის იმის, რომ უნდა იყოს მაინცდამაინც ისე, რომ ოპოზიციამ კიდევ ერთხელ არ აღიაროს ეს არჩევნები, რაც გასაკვირი არ არის. ოპოზიციას არც 2012 წლის არჩევნები უღიარებია, არც 2016 წლის და არც 2020 წლის. ახლაც ზუსტად ასე მოიქცევიან. რა თქმა უნდა, არ აღიარებენ ამ არჩევნებს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ შემთხვევაში საელჩოების და უცხოელი აქტორების როლი ის კი არ უნდა იყოს, როგორც აქამდე – გარედან დააკვირდნენ, საქართველოში რაც ხდება არ უნდა იყოს ეს სხვისთვის დაკვირვების საგანი, მათ თავის მიერ დაფინანსებულ „ენჯეოებს“ უნდა მოუწოდონ, რომ აღიარონ არჩევნები. მათ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომელთაც ხშირად ეხუტებიან, უნდა მოუწოდონ, აღიარონ ხალხის არჩევანი. ეს არის დემოკრატია“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.