შალვა პაპუაშვილი - საჭიროა ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ცნობიერების ყველა თაობაში შენარჩუნება, რათა ისტორიის ეს უმძიმესი ფაქტი აღარასდროს განმეორდეს
კაცობრიობის წინაშე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს – ჰოლოკოსტს მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათი მარადიული მოგონება თითოეული ჩვენგანის და მთელი მსოფლიოს პასუხისმგებლობაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში სიტყვით გამოსვლისას ანტისემიტიზმის საფრთხესა და ტოლერანტობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მსოფლიო ისტორიის ეს ტრაგიკული თარიღი გვახსენებს ჰოლოკოსტის დროს ჩადენილ სასტიკ დანაშაულებს, გვაფიქრებს ანტისემიტიზმის საფრთხესა და ტოლერანტობის მნიშვნელობაზე. ამ დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია, რათა დავფიქრდეთ წარსულის მაგალითებზე, წინ აღვუდგეთ შეუწყნარებლობას და დავიცვათ დღევანდელი და მომავალი მსოფლიო მსგავსი ბოროტებისა და სისასტიკისგან. სწორედ ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ცნობიერების ყველა თაობაში შენარჩუნებაა საჭირო, რათა ისტორიის ეს უმძიმესი ფაქტი აღარასდროს განმეორდეს“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ქართველ და ებრაელ ხალხებს მეგობრობისა და მშვიდობიანი და ძმური თანაცხოვრების 26-საუკუნოვანი ისტორია გააჩნიათ. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმმა ფეხი ვერ მოიკიდა და ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს შეეძლოთ თავიანთი ტრადიციების, კულტურული და რელიგიური თვითმყოფადობის შენარჩუნება და განვითარება. შალვა პაპუაშვილის თქმით, თითოეული მათგანი იყო საქართველოს სახელმწიფოს და საზოგადოების განუყოფელი ნაწილი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთში მოქმედი საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს საგარეოს საქმეთა სამინისტროს, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საელჩოს, სახალხო დამცველის ოფისისა და საქართველოში ებრაული თემის წარმომადგენლები, ასევე წმინდა საყდრის ნუნციო და საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი ესწრებოდნენ.
სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰადას ესტერ მეიცადიმ და ისრაელის ქნესეთის წევრმა, ისრაელი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დევიდ ბიტანმა.
ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰადას ესტერ მეიცადიმ საქართველოს პარლამენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ინიციატივისა და გამართვისთვის მადლობა გადაუხადა და ჰოლოკოსტის, როგორც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი მოვლენის შესახებ ისაუბრა.
„მინდა, მადლობა მოგახსენოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობისთვის. თქვენ ოფიციალურად აღიარეთ ჰოლოკოსტი, როდესაც ეროვნულ კალენდარში შევიდა ეს დღე. 78 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საკონცენტრაციო ბანაკი გათავისუფლდა და მინდა, ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რომ მოგვეკრიბა ყველანაირი მტკიცებულება და ჩაგვეტარებინა კვლევა იმისთვის, რომ ეს ადამიანები არასდროს არ ყოფილიყვნენ დავიწყებული და ყოველთვის ყოფილიყვნენ ჩვენს გონებაში“, – განაცხადა ჰადას ესტერ მეიცადიმ.
„ვამაყობ, რომ მაქვს პრივილეგია, აღვნიშნო ეს მნიშვნელოვანი დღე ჩვენს კარგ მეგობრებთან ერთად. ვამაყობ, რომ ვდგავარ აქ, როგორც ისრაელ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე. ისრაელის ქნესეთის სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს ლიდერობისთვის და პარლამენტში ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღით დაინტერესებისა და ინიციატივისთვის. ასევე, მინდა, მადლობა მოვახსენო ჩემს მეგობარსა და კოლეგას, გივი მიქანაძეს ამ ამაღელვებელ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად მოწვევისთვის, რაც მნიშვნელოვანი გამოხატულებაა ისრაელ-საქართველოს ძლიერი კავშირების და ასევე კარგი ურთიერთობების ჩვენს პარლამენტებს შორის“, – განაცხადა დევიდ ბიტანმა.
ღონისძიების სტუმრებმა ჰოლოკოსტის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად სანთლები აანთეს.
საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წელს მეორედ გაიმართა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.