შალვა პაპუაშვილი - საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით ოპოზიცია და მისი მხარდამჭერი „ენჯეოები“ სასოწარკვეთაში ჩავარდნენ, ვეღარაფერი თქვეს, ხვდებიან, რომ ეს სია მათ საბოლოოდ დაამარცხებს
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით ოპოზიცია და მისი მხარდამჭერი „ენჯეოები“ სასოწარკვეთაში ჩავარდნენ, ხვდებიან, რომ ეს არის მათი საბოლოოდ დამარცხების სია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, საარჩევნო სია არის ოპოზიციის დამარცხების სია და „ქართული ოცნება“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.
„ჩვენი საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით ნახეთ, რომ ოპოზიცია, მისი მხარდამჭერი „ენჯეოები“ რა სასოწარკვეთაში ჩავარდნენ, რადგან ხვდებიან, რომ ეს არის მათი საბოლოოდ დამარცხების სია. სია, რომელიც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს. ვნახეთ ხალხის რეაქცია, მათ შორის, გაუხარდათ, რომ ჩვენი ლეგენდები არიან პირველ ოცეულში. გაუხარდათ, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი იქნება სიის სათავეში და ის გაუძღვება წინ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობისკენ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, და ესეც არის გზავნილი ყველა პატრიოტი ქართველისთვის, რომ 26 ოქტომბერს მხარი დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“, არ დარჩნენ სახლში, გამოვიდეს ყველა. 26 ოქტომბერს წყდება საკითხი, ეს ქვეყანა იქნება დამოუკიდებელი, საკუთარი ხალხის ინტერესებით მოქმედი ქვეყანა, თუ იქნება სხვა ხალხების, სხვა, უცხო პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გამტარებელი, თუ იქნება ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ოპოზიციისგან, რომელიც მთლიანად დაქვემდებარებულია გარე ჯგუფს. ხედავთ, რომ ისინი საარჩევნო კამპანიასაც კი გარეთ ატარებენ და გარედან უტარებენ საარჩევნო კამპანიას. დღე არ გადის, რომ ვიღაცამ რაღაც არ თქვას საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა ქვეყანას თავისი არჩევნები აქვს ჩასატარებელი და რატომღაც იცლიან, რომ ჩვენს ოპოზიციას სალაპარაკოდ თემები მისცენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული 10 სექტემბერს წარადგინა.