შალვა პაპუაშვილი - საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მთავარი შეთავაზება არის, რომ თანაფარდობა იზრდება პროპორციულის სასარგებლოდ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული რეფორმაზე სწრაფად და ეფექტიანად მიდის.
როგორც პაპუაშვილმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი დღეს რიგით მესამე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, მაჟორიტარული კომპონენტი უნდა დარჩეს, თუმცა მთავარი შეთავაზება არის, რომ თანაფარდობა იზრდება პროპორციული ნაწილის სასარგებლოდ.
„სამუშაო ჯგუფის მუშაობა სწრაფად და ეფექტურად მიდის. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ ზოგიერთ ღია საკითხს, რომლის განხილვაც წინა სხდომაზე ვერ მოვასწარით. ზოგადად, მიღებული პრაქტიკაა, რომ მაჟორიტარული ნაწილი აუცილებელია, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობა არ არის პარლამენტი და ცენტრალური დონე. ეს არის კომუნალურ საკითხებზე მომუშავე ორგანოები, რომელსაც მნიშვნელოვანი ბმა უნდა ჰქონდეთ ცალკეულ რაიონებთან, თემებთან.
მთავარი შეთავაზება არის ის, რომ თანაფარდობა იზრდება პროპორციულის სასარგებლოდ. მაგალითად, თბილისში დღეს არის 25/25-ზე მოდელი, შეთავაზებით იქნება 10 მაჟორიტარული და 40 პროპორციული წესით არჩეული. მაჟორიტარული კომპონენტი უნდა დარჩეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ჯგუფის მიერ მომზადებული რეფორმა იმ მემორანდუმს ეფუძნება, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის დაიდო. ამ დოკუმენტის შესაბამისად, საარჩევნო რეფორმა ფუნდამენტურად უნდა გატარდეს. პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით, ცვლილებების ინიცირება პირველ მარტამდე უნდა მოხდეს, მისი დამტკიცება კი პირველ მაისამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, მისი პარტია პარლამენტს დატოვებს.