შალვა პაპუაშვილი - „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე სალომე ზურაბიშვილის ვეტო არის ნიადაგის მომზადება, რათა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა კლონებმა ტრადიციულად არ აღიარონ არჩევნები
შალვა პაპუაშვილი - „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე სალომე ზურაბიშვილის ვეტო არის ნიადაგის მომზადება, რათა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა კლონებმა ტრადიციულად არ აღიარონ არჩევნები

„საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე სალომე ზურაბიშვილის ვეტო არის ნაწილი იმ თავდასხმისა, რომელიც ხორციელდება არა უბრალოდ ცესკო-ს თავმჯდომარეზე ან ცესკო-ზე, არამედ არის თავდასხმა საპარლამენტო არჩევნებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ, ტრადიციულად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა კლონებმა არ აღიარონ არჩევნები.

„ყველას შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უღიარებია არცერთი საპარლამენტო არჩევნები. 2012 წელს არ აღიარეს დამარცხება და შემდეგ ამერიკელმა სენატორებმა დაარწმუნეს მიხეილ სააკაშვილი, რომ ეღიარებინა დამარცხება. 2016 წელს არ აღიარეს დამარცხება და დასჭირდათ კვირები, რათა მანდატი აეღოთ. 2020 წელს არ აღიარეს დამარცხება და დასჭირდათ თითქმის ერთი წელი, რომ მანდატები მიეღოთ. ზუსტად ამავეს აპირებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კლონები 2024 წელსაც და ეს არის ნიადაგის შემზადება. ამაში ჩართულია ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილი, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის ზოგიერთი უცხოელი აქტორი. ეს არის პირდაპირი თავდასხმა და ჩარევა საარჩევნო პროცესში.

რაც შეეხება მოტივირებულ შენიშვნებს, საინტერესოა ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილის შენიშვნებში, მისი წინადადებაც ის არის, რომ რეკომენდაციების რაღაც ნაწილი არ იქნეს გაზიარებული. აქედან დასკვნა, რომ თურმე ეს რეკომენდაციები არ ყოფილა ისეთი რამ, რომელსაც არ შეიძლება, გადაუხვიო და არ არის დოგმა. ამას ხომ გვიმტკიცებდა მანამდე, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი, რომ სიტყვასიტყვით უნდა გავყვეთ ყველაფერს, რასაც გვეტყვის ესა თუ ის ექსპერტი. რაც შეეხება თავად შინაარსს, ჩვენი პოზიცია უკვე დიდი ხანია, ცხადია ამ საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს, 19 აპრილის შეთანხმების გამო, მოგვიწია ცუდი სისტემის დანერგვა, რომელიც გულისხმობდა კვალიფიციურ უმრავლესობას და გულისხმობდა უპრეცედენტო შემთხვევას, რომ ოპოზიცია უნდა იყოს თურმე ცესკო-ს ხელმძღვანელობაში, რაც არის აბსოლუტური აბსურდი. ამ აბსურდზე, სამწუხაროდ, ზოგიერთი უცხოელი ექსპერტი თუ აქტორი გვიმტკიცებს, რომ ასეთი აბსურდით, რომელშიც ჩვენ უკვე ორი წელია, ვცხოვრობთ და რომელიც არ მუშაობს, რაც ყველამ დაინახა, ამ აბსურდით გავაგრძელოთ ცხოვრება.

ამიტომ, კიდევ ერთხელ, ყველა, ვინც გვირჩევს, რომ დავტოვოთ ძველი რედაქცია, არ შევცვალოთ კვალიფიციური უმრავლესობა, არ გავაუქმოთ ოპოზიციური მოადგილის მხრიდან თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა, მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის ქართველი თუ უცხოელი, სინამდვილეში ყველა გვიბიძგებს, რომ მოხდეს ამ არჩევნების დისკრედიტირება. ამიტომ ყველა აქტორს, ქართველს და უცხოელს, კიდევ ერთხელ დაჟინებით მოვუწოდებ, დაფიქრდნენ, ვინაიდან ნებისმიერი ასეთი საუბრები არის მხოლოდ წახალისება რადიკალური ოპოზიციისა, რომ მათ მოუძებნონ საბაბი, კიდევ ერთხელ არ აღიარონ საკუთარი დამარცხება არჩევნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.