შალვა პაპუაშვილი - საარჩევნო კოდექსსა და „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე დასკვნა ასახავს პოზიტიურ ცვლილებებს, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულ პროექტში გვაქვს
საარჩევნო კოდექსსა და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე დასკვნა პირდაპირ ასახავს იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულ პროექტში გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის ერთობლივმა დასკვნამ აჩვენა, რომ სამუშაო ჯგუფისა და შემდეგ კომიტეტის ფორმატში იყო ძალიან წარმატებული პროცესი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო გივი მიქანაძეს, რომელიც ხელმძღვანელობდა სამუშაო ჯგუფს. დასკვნა პირდაპირ ასახავს იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რომლებიც ჩვენ პირველი მოსმენით უკვე მიღებული გვაქვს. ამ დასკვნიდან გამომდინარე, დარჩენილი საკითხების გათვალისწინებით, ჩვენ ვფიქრობთ, ამ ცვლილებებსაც საარჩევნო კანონმდებლობაში წლის ბოლომდე მივიღებთ.
რაც შეეხება ოპოზიციის მონაწილეობას, ახლა უკვე მათ ყველანაირი არგუმენტი ხელიდან აქვთ გამოცლილი, ვინაიდან უკვე არის დასკვნა ამ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც პოზიტიურად აფასებს ყველა ამ ცვლილებას. ასე რომ, არ ვიცი, რა შეიძლება, კიდევ იყოს მიზეზი, რომლითაც ისინი არ ჩაერთვებიან ამ პროექტის მიღებაში. ეს ცვლილებები შეეხება საქართველოს ევროპული მომავლის საკითხებს, 12 პუნქტიდან ერთ-ერთის შესრულებას. ამ ცვლილებების მიღებაში არმონაწილეობა და ხმის არმიცემა ცვლილებისთვის ნიშნავს საქართველოსთვის ხმის არმიცემას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ დღეს განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ წინსწრებით წარმოადგინეს დასკვნის პროექტი. მისივე თქმით, მოცემულ დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად იკვეთება ის პოზიტიური შეფასებები, რომლებიც კონკრეტულ ცვლილებებთან არის დაკავშირებული.