შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, გარედან ჩარევისგან თავი უნდა შევიკავოთ, სასამართლოზე ზეწოლაა მოწოდებები, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს
პირდაპირი მოწოდებები, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ, არის სასამართლოზე ზეწოლა. ყველას მოვუწოდებ, ასეთი ზეწოლებისგან თავი შეიკავონ. თუ ვინმე მიუთითებს სასამართლოს, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ეს არის სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „რას იტყვით ევროპარლამენტარების ნაწილის მოწოდების შესახებ, სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ?“
პაპუაშვილის განმარტებით, საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ყველა გადაწყვეტილება კანონით დადგენილი პროცედურების მიხედვით მიიღება.
„რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამასთან დაკავშირებით პროცედურა მიმდინარეობს სასამართლოში და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, გარედან ჩარევისგან თავი უნდა შევიკავოთ. სახელმწიფოს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ სამართლებრივ პრინციპებზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება. საქართველოში ამაზე პასუხს გასცემს სასამართლო და ყველამ ამ გადაწყვეტილებას უნდა სცეს პატივი. როდესაც არის პირდაპირი მოწოდებები, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ, ესაა სასამართლოზე ზეწოლა. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ასეთი ზეწოლებისგან თავი შეიკავონ. თუ ვინმე მიუთითებს სასამართლოს, როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ეს არის სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.