შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილთან დაკავშირებით ხდებოდა პარლამენტის თავმჯდომარის კეთილგანწყობის ბოროტად გამოყენება, ვიზიტები სინამდვილეში პოლიტიკური პაემნის ხასიათს ატარებდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ დეპუტატებს სააკაშვილის მონახულება სპეციალური ნებართვის გარეშე აღარ შეეძლებოდათ, განპირობებული იყო იმით, რომ ვიზიტები უკვე პოლიტიკური პაემნის ხასიათს ატარებდა და არ გულისხმობდა პატიმრის პირობების გაცნობას.
აღნიშნული განცხადება პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც თინა ბოკუჩავამ და იაგო ხვიჩიამ მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატების შესვლის საკითხი დააყენეს.
„თავის დროზე მიღებული გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, განპირობებული იყო უსაფრთხოების მიზნებიდან. გახსოვთ მომართვა პარლამენტის მიმართ, რომ იყო გარკვეული საფრთხე, მათ შორის პატიმრის მიმართ, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მხრივ. მეორე მხრივ, მაშინ სტატისტიკაც გამოვაქვეყნე, რამდენად ექსტენსიურად გამოიყენებოდა ეს შესაძლებლობა. ნაცვლად იმისა, რომ ეს შესაძლებლობა გამოყენებული ყოფილიყო, ვთქვათ, პატიმრის პირობების გასაცნობად, გამოყენებული იყო პაემნებისთვის. პაემნის შესაძლებლობა ვისაც აქვს, ამას არეგულირებს კანონმდებლობა და, სამწუხაროდ, განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, ხდებოდა პარლამენტის თავმჯდომარის კეთილგანწყობის ბოროტად გამოყენება. ეს ვიზიტები სინამდვილეში ატარებდა პაემნის ხასიათს, ამ შემთხვევაში პოლიტიკური პაემნის ხასიათს. რა თქმა უნდა, ამისთვის არ არის ეს გათვალისწინებული.
რაც შეეხება პოლიტიკურ მოღვაწეობას, მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილი გახლავთ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც არ აქვს უფლება, იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი, მით უმეტეს, ხელმძღვანელი. რადგან თქვენ ამას ასე ადასტურებთ, გამოდის, რომ ის თქვენი პოლიტიკური ძალის არაფორმალური მმართველია, რაც თავისი არსით არის კანონმდებლობის დარღვევა, ვინაიდან, ფაქტობრივად, ამით გამოშიგნული გაქვთ მთელი კანონმდებლობის არსი, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე არის პარტიის ხელმძღვანელი. რა თქმა უნდა, ის უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებს ალბათ, ამ შემთხვევაში თქვენი პარტიის მიმართ. მაშინ, როდესაც იყო საკითხი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ნებართვებიც გაიცემოდა, თუმცა ვნახეთ, რომ, ერთი მხრივ, ეს უფრო უარეს მდგომარეობაში აყენებდა პატიმარს და, მეორე მხრივ, გამოიყენებოდა ექსტენსიურად, რეალურად ამას ჰქონდა პაემნის სახე და არა მისი პირობების გაცნობისა.
არცერთი საჩივარი ამ მხრივ არ ყოფილა, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა, რომ როგორც მის ოჯახის წევრებს, ისე მის ადვოკატებს, ექიმებს – ყველას აქვს წვდომა მასთან. გარდა ამისა, სახალხო დამცველსაც აქვს შესაბამისი სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება, წვდომა ჩვეულებრივად აქვთ, მათ შორის მის კონსილიუმს. ამიტომ არ არსებობს საჭიროება, რომ მისი პირობები რამენაირად დამატებით კიდევ იქნას შემოწმებული, გადაკონტროლებული. დადასტურებულია, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, რომ ის იმყოფება შესაბამის პირობებში, მის მიმართ გაწეულია შესაბამისი, ადეკვატური სამედიცინო დახმარება. შედეგებზეც ვხედავთ, რომ შესაბამის პირობებშია და ადეკვატურია ეს დახმარება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.