შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის მოხსენიება იმ კონტექსტში, თითქოს ის პუტინის პატიმარია, სხვა არაფერია, თუ არა თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე
შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის მოხსენიება იმ კონტექსტში, თითქოს ის პუტინის პატიმარია, სხვა არაფერია, თუ არა თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე

სააკაშვილის მოხსენიება იმ კონტექსტში, თითქოს ის პუტინის პატიმარია და ა.შ., სხვა არაფერია, თუ არა თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„საქართველოს თანასპონსორობით შედგენილი რეზოლუცია, რომელიც დაკავშირებული იყო რუსეთის თავდასხმაზე უკრაინის წინააღმდეგ და ეს ტექსტი გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ თავს დასხმოდნენ ქართულ სახელმწიფოს. ეს სხვა არაფერია, თუ არა ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმა, როდესაც იქ გაჩნდა ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილზე, ადამიანზე, რომელიც სასჯელს კონკრეტული დანაშაულების გამო იხდის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ, იმისთვის, რომ აქ სიტუაცია აერია. მისი მოხსენიება იმ კონტექსტში, თითქოს ის პუტინის პატიმარია და ა.შ., სხვა არაფერია, თუ არა თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ განცხადებით შალვა პაპუაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას უკავშირდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციაში ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც ხდება ასეთი მნიშვნელოვანი რეზოლუციის გამოყენება და ამ რეზოლუციისთვის ჩრდილის მიყენება.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, ვისი მხრიდან მოხდა თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საზოგადოებამ ნახა, ვინ იყვნენ ამ ჩანაწერის ავტორები.

„მათ შორის, იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და სამწუხაროდ, იყვნენ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებიც, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ადამიანები არიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 650-კაციან ასამბლეაზე და პარლამენტში ამ ცვლილებების ინიცირება მაშინ მოხდა, როდესაც მას ესწრებოდა 95 ადამიანი და საბოლოო ჯამში, შესწორებას მხარი 55-მა ადამიანმა დაუჭირა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ფრჩხილები, რომელიც რეზოლუციაში გაჩნდა, არის ისტორიის გადაწერის მცდელობა და საქართველოს ხელისუფლებისთვის პრინციპული საკითხია, არ ხდებოდეს ისტორიის გადაწერა.

„სწორედ ეს ფრჩხილები არის მცდელობა, გადაიწეროს ისტორია, თითქოს დამნაშავე, რომელიც სასჯელს იხდის, დამნაშავე კი არ არის, არის ვიღაცის პოლიტიკური პატიმარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.