შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, მისი გულშემატკივრები წახალისებით კი არ უნდა იყვნენ დაკავებული, არამედ სამედიცინო სერვისის მიღებაზე დაიყოლიონ
შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, მისი გულშემატკივრები წახალისებით კი არ უნდა იყვნენ დაკავებული, არამედ სამედიცინო სერვისის მიღებაზე დაიყოლიონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს დანაშაულის გამო აქვს გამოტანილი განაჩენი და მან სასჯელი უნდა მოიხადოს. მისივე თქმით, სწორედ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს ყველაზე საბაზისო პრინციპი.

ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პენიტენციურ სამსახურს აქვს პასუხისმგებლობა, ნებისმიერი მსჯავრდებულის მგავსად, სააკაშვილსაც სათანადო სამედიცინო სერვისი გაეწიოს.

„ჩვენ რასაც ვუყურეთ, ეს არის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხის კვლავ პოლიტიზება. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი საკითხი. პირველი, ოჯახის სურვილი იქნება თუ მისი გულშემატკივრის, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს ან გავიდეს ქვეყნიდან, აერიდოს სასჯელი, რომელიც მიუსაჯა ქართულმა მართლმსაჯულებამ, კანონის უზენაესობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ როდესაც ადამიანი სჩადის დანაშაულს და ამ დანაშაულზე გამოდის განაჩენი, სასჯელი უნდა იქნას მოხდილი. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს ყველაზე საბაზისო პრინციპი. მეორე საკითხია მიხეილ სააკშვილის, როგორც პატიმრის ჯანმრთელობის საკითხი. რა თქმა უნდა, პენიტენციურ სამსახურს აქვს პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც ნებისმიერ პატიმარზე, სააკაშვილს გაეწიოს სათანადო სამედიცინო მომსახურება, რათა ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში რაც მოვისმინეთ, ყველაფერს რომ ჩამოვაცილოთ ის ბურუსი, რომელითაც ხანდახან ცდილობენ, შეფუთონ მდგომარეობა, არის შემდეგი. როგორც პენიტენციური სამსახური, ისე რამდენადაც გავეცანი ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას, მიუთითებენ, რომ მართალია, არსებობს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ სააკაშვილს მიეწოდება სერვისები, რომელზეც თავად ამბობს უარს. მაგალითად, გარკვეული სამედიცინო პერსონალის მომსახურებაზე თუ გარკვეულ მკურნალობაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვისაც გული შესტკივა სააკაშვილზე, უნდა დაითანხმოს, რომ გარკვეულ სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმა შეწყვიტოს.

„გუშინ მოვისმინეთ იუსტიციის მინისტრის განმარტებები, რომ ის არ იღებს გარკვეულ მედიკამენტებს, შეთავაზებულ სერვისებს. ვფიქრობ, ყველა ადამიანი, ვინც გულშემატკივრობს მიხეილ სააკშვილს, ახლა დაკავებული უნდა იყოს არა იმით, აგულიანებდეს სააკაშვილს – ამ სერვისების მიღებაზე კვლავ უარს ამბობდეს, არამედ პირიქით, უნდა ცდილობდეს, დაითანხმოს ის, შესაბამისი სერვისები მიიღოს. რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნას, ამაზეც იუსტიციის მინისტრის განმარტება მოვისმინეთ. მისი თქმით, პენიტენციურ სამსახურს, სამედიცინო პერსონალს აქვს გარკვეული კითხვები დასკვნასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, რაღაც მონაცემები არ ემთხვევა იმ ანალიზების მონაცემებს, რაც წარდგენილი ჰქონდა ექსპერტთა ჯგუფს. ისინი სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფისგან განმარტებებს ელიან. ეს არის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ყველა უნდა ეცადოს, რომ დაცალოს პოლიტიკისგან. არსებობს სამართლებრივი და სამედიცინო საკითხი. გუშინ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დაკსვნასთან დაკავშირებით გარკვეულ განმარტებებს მიიღებენ, თავადაც საკუთარ პოზიციას წარმოადგენენ. თუ სწორად ვნახე სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, მათი საუბარი და განმარტებები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თუ სხვა გულშემატკივრების მხრიდან განმარტებები იყო, რომ სააკაშვილი უარს ამბობს გარკვეული სამედიცინო მომსახურების მიღებაზე. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ადამიანი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას. მნიშვნელოვანია, ნაცვლად იმისა, რომ მისი გულშემატკივრები დაკავებული იყვნენ წახალისებით – მან ეს ქმედება გააგრძელოს, უნდა დაიყოლიონ სააკაშვილი, რომ მიიღოს სამედიცინო სერვისი, რომელიც მას შჭირდება“, – განაცხად პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტებმა შეაფასებინეს ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც ამბობს, რომ ვინც სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს, ყველას მიზანია საქართველოს ჩათრევა სამხედრო კონფლიქტში.

„ტერმინი გადაყვანაც ვხედავთ, რომ მანიპულაციის საკითხი გახდა. ერთია, სჭირდება თუ არა მას, რაიმე დამატებითი სერვისი, რომელიც შეიძლება, მიეწოდოს პენიტენციური სიტემის სამედიცინო დაწესებულებაში თუ სხვა კლინიკაში. თუმცა მანიპულაცია სწორედ იმაში მდგამარეობს, რომ ეგრეთ წოდებული გადაყვანა, ყველა შემთხვევაში რატომღაც განიმარტება ქვეყნის დატოვებით და სასჯელის თავის არიდებით. ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ სინამდვილეში, საქმე გვაქვს იმასთან, რომ მიხეილ სააკაშვილმა რამენაირად სასჯელს თავი აარიდოს “, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციებს, პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველო თავისუფალი ქვეყანაა და ყველა ადამიანს შეუძლია, თავისი აზრი გამოხატოს.

„ჩვენ ვართ თავისუფალი ქვეყანა. ყველა ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი აზრი თავისუფლად, ღია ცის ქვეშ. ეს ყველას უფლებაა, მაგრამ მეორე საკითხია კანონის უზენაესობა, რომ სასჯელი უნდა იქნას მოხდილი. ასევე ყველა პატიმრის ჯანმრთელობის პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი. იუსტიციის სამინისტრო სწორედ ამაზე საუბრობს, რომ სააკაშვილისთვის შესაბამისი სერვისის მიწოდება ხდება. ასევე დადასტურდა, მათ შორის იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ არის სერვისები, რომლებზეც სააკაშვილი თავად ამბობს უარს. არის მედიკამენტები, რომლის მიღებაზეც თავად ამბობს უარს. თუ ვინმეს გული შესტკივა სააკაშვილზე, უნდა დაითანხმოს, რომ მიიღოს სამედიცინო სერვისები. სააკაშვილს თუ სჭირდება სამედიცინო მომსახურება, მან ამაზე უარი არ უნდა თქვას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.