შალვა პაპუაშვილი - რუსეთთან სანქციების ომში შესვლა ეკონომიკური კოლაფსი იქნებოდა, ევროკავშირში სანქციებზე საუბარი ამდენ ხანს იმიტომ გრძელდება, რომ ყოველი წევრი ქვეყანა უყურებს საკუთარ ინტერესებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ეკონომიკური კოლაფსი იქნებოდა რუსეთთან სანქციების ომში შესვლა.
„თან თავს იწონებენ, „ლელოს“ შემოტანილი რომ აქვს საქართველოს დაქცევის რეზოლუცია სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, ეჭვი გეპარებათ, რომ სანქციების ომში შესვლა რუსეთთან ჩვენთვის ეკონომიკური კოლაფსი იქნებოდა? არ გამოგვიცდია, არ ვიცით, რა ინსტრუმენტები არსებობს თუ რა. ან ეს არის მიამიტობა, ან სახელმწიფო ინტერესების განზრახ ღალატი. ამიტომ ახლა მაინც დაასრულეთ და თქვით: არა, ჩვენ ვუდგავართ გვერდში, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ვერ ჩავერთვებით, ვერც იარაღს მივაწოდებთ, ვერც მებრძოლებს გავაგზავნით, წერტილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განმარტებით, საქართველო გვერდში უდგას უკრაინას და მსოფლიო საზოგადოებას, არავის მისცემენ საშუალებას, სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენოს ქვეყანა, მაგრამ საქართველო არ დააწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთთან. პაპუაშვილის თქმით, სანქციების დაწესება „ჩვენ უფრო დაგვაზიანებს“.
„ნახეთ, როგორ მიიღება სანქციები ევროკავშირში. რატომ გრძელდება ამდენ ხანს სანქციებზე საუბარი, რადგან ყოველი წევრი ქვეყანა უყურებს საკუთარ ინტერესებს, რაღაც პროდუქტზე რომ სანქცია იქნება შემოღებული, შემთხვევით ხომ არ დაზიანდება მისი ფერმერი. ასე უყურებენ ამ ყველაფერს და ვიცით, მათ აქვთ ვეტოს უფლება, კონსენსუსით მიიღება გადაწყვეტილება. ამიტომ მათ აქვთ ბერკეტი, ჩვენ იქ გადაწყვეტილების მიღებაში არ ვმონაწილეობთ, ისე მიიღება სანქციები, იქ არავინ გვეკითხება, რა არის ჩვენი უსაფრთხოების ან ეკონომიკური ინტერესი. იმდენად ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა, რომ ამასაც ვამბობთ – მიუხედავად იმისა, რომ იმ სანქციებისთვის ქართველ ხალხს დემოკრატიული ლეგიტიმაცია არ მიუცია, ჩვენ არ ვყოფილვართ ჩართული, ჩვენ ვაღიარებთ და ვიცავთ ამ სანქციებს. სანქციების დარღვევის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა. თქვენ იყავით ან მონაწილენი დეზინფორმაციის, ან ჩუმად ისხედით და არ ამხელდით, როცა თქვენი კოლეგა ელენე ხოშტარია ყოველ მეორე კვირას მართავდა ბრიფინგებს, ხან რომელი გემის შემოცურვას აანონსებდა, ხან რომელი თვითმფრინავის გადაფრენას, ხან რას და ხან რას. აბსოლუტურად ყველაფერი რომ ტყუილი იყო, ჩვენ და საზოგადოებას გვიწევდა მარტოს ბრძოლა ამ დეზინოფმრაციის წინააღმდეგ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.