შალვა პაპუაშვილი - რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით მივყვებით იმ პოლიტიკას, რომელიც დიდი ხანია, გაცხადებული გვაქვს, ამ პოლიტიკამ მოგვიტანა საქართველოში სტაბილური მდგომარეობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით საქართველო მიყვება იმ პოლიტიკას, რომელიც დიდი ხანია, გაცხადებული აქვს. პაპუაშვილის თქმით, ამ პოლიტიკამ მოიტანა საქართველოში სტაბილური მდგომარეობა.
შალვა პაპუაშვილს ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, „რატომ არ შეუერთდა საქართველო „მაგნიტსკის სიის“ 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივებას“.
„ზოგადად იცით, რა არის საქართველოს პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით. სხვათაშორის, სანქციების სია არ ეხება მხოლოდ რუსეთს. იცით, რომ რამდენიმე ქვეყანას ეხება და მათ შორის საქართველო მიუერთდა ჩრდილოეთ კორეასა და დნესტრისპირეთთან დაკავშირებულ საკითხებს. რაც შეეხება რუსეთის მიმართ სანქციებს, აქ გაცხადებული პოლიტიკა აქვს საქართველოს და ამ პოლიტიკას მივყვებით. ამ პოლიტიკამ მოგვიტანა ის, რომ გვაქვს საკმარისი სტაბილური მდგომარეობა საქართველოში, რაც უზრუნველყოფს ჩვენს განვითარებას. ამ პოლიტიკამ მოგვიტანა ჩვენ კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, ჩვენ მივყვებით იმ პოლიტიკას, რომელიც დიდი ხანია, გაცხადებული გვაქვს.
ზოგადად, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სანქციებთან დაკავშირებით პოლიტიკა ცნობილია, რუსეთის მიმართ სანქციებს ჩვენ არ ვუერთდებით. ამ გადაწყვეტილებამ მოგვიტანა ის, რომ საქართველო არ დადგა ომის რისკის ქვეშ, საქართველო არ დადგა ეკონომიკური კოლაფსის რისკის ქვეშ და საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველომ „მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებით შეინარჩუნა ბოლო წლებში არსებული პრაქტიკა, რაზეც ინფორმირებული არიან პარტნიორები.