შალვა პაპუაშვილი - რომელიმე ქვეყანა, ორგანიზაცია ხალხს თუ დასჯიდა იმის გამო, რომ სურს, ნათელი, ცხადი და გამჭვირვალე იყოს, უცხოეთიდან შემოტანილი ფული რაში იხარჯება, ეს წარმოუდგენელია
რომელიმე ქვეყანა თუ ორგანიზაცია ხალხს თუ დასჯიდა იმის გამო, რომ სურს, ნათელი, ცხადი და გამჭვირვალე იყოს, უცხოეთიდან შემოტანილი ფული რაში იხარჯება, წარმოუდგენელია, ეს აბსოლუტურად გასცდებოდა ნებისმიერ საღ აზრს დემოკრატიული ურთიერთობისა და ღირებულებისა, რასაც ჩვენ დასავლურ ღირებულებებს ვუწოდებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უცხოური ფული ქვეყანაში გამჭვირვალე უნდა იყოს.
„ჩვენ შეიძლება ასეთი მოლოდინები გვქონდეს ისეთი რეჟიმებისგან, რომლებიც ცდილობენ უცხო ქვეყნებზე დომინირებას, მაგრამ დემოკრატიული სამყაროს მხრიდან ხალხის დასჯა იმის გამო, რომ მათ პრეტენზია აქვთ, უცხოური ფული რომ იხარჯება, იცოდნენ, ვისგან შემოდის ეს ფული და რაში იხარჯება, რა თქმა უნდა, სცდება საერთო წარმოდგენას ამ ღირებულებებზე. ერთადერთი რეაგირება, რაც ამ შემთხვევაში იქნებოდა ყველაზე სწორი და კეთილსინდისიერი, რომ როგორც დონერებმა, ისე მათ მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა შეასრულონ ამ კანონის დანაწესები, შეასრულონ ქართველი ხალხის ნება, რომლისთვისაც, მათი განცხადებით, ისინი ხარჯავენ ფულს და გააკეთონ ერთი უმარტივესი რამ, წელიწადში ერთხელ ქართველ ხალხს უთხრან, ვისგან იღებენ დაფინანსებას, რაში ხარჯავენ ამ ფულს, ეს არის ერთადერთი მარტივი რაღაც, რასაც აკეთებს ხუთი ათასი საჯარო მოხელე, ჩემი ჩათვლით, რასაც აკეთებენ სახელმწიფო ინსტიტუციები, დაწესებულებები, პარლამენტი, მათ შორის, როდესაც თქვენ ნებისმიერ ინფორმაციას გაწვდით და საჯაროა ფინანსური საკითხები, რასაც აკეთებენ პარტიები, რომლებიც არ ხარჯავენ ბიუჯეტის ფულს მხოლოდ, როდესაც ყველა თეთრს, მიღებულს და დახარჯულს, საჯაროს ხდიან საზოგადოებისთვის, ასე რომ, დემოკრატიული კანონები უნდა აღსრულდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.