შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, ოპოზიცია არის მონაწილე იმ გეგმისა, რომ საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თავისი ტერიტორიების გარეშე იმოძრაოს, ეს არ არის ჩვენი გზა
შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, ოპოზიცია არის მონაწილე იმ გეგმისა, რომ საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე თავისი ტერიტორიების გარეშე იმოძრაოს, ეს არ არის ჩვენი გზა

ოპოზიციას პანიკა აქვს ატეხილი თითო ნაბიჯზე, რომელიც კარგ პერსპექტივას აჩენს, თითო განცხადებაზე, სადაც შეიძლება საუბარი იყოს შერიგებაზე, გაერთიანებაზე. როგორც ჩანს, ისინი არიან მონაწილე იმ გეგმისა, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიების გარეშე იმოძრაოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია დათმობს აფხაზეთსაც და ცხინვალსაც, ოღონდ მიიღოს კარგი დაპირებები ევროატლანტიკურო ინტეგრაციის მხარეს. შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გზაა ევროკავშირში ერთიანი საქართველოთი შესვლა.

„ჩვენ როცა ვსაუბრობდით, რომ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა ამ ცვალებად გარემოში თუ შეიქმნა ისეთი პირობა, რომელიც შესაძლებელს გახდის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, შესაბამისი საკონსტიტუციო უმრავლესობით, უზრუნველვყოთ შესაბამისი სისტემური მოწყობა. რომ ვთქვით, ამას ყველა შემთხვევაში შეეწინააღმდეგება ოპოზიციაო, ატყდა ერთი ამბავი, როგორ იკადრებს ოპოზიცია, რომ ქვეყნის გამთლიანებაზე მიდგეს საქმე და ამას შეეწინააღმდეგონ. არ გავიდა რამდენიმე დღე და ყველამ დავინახეთ, რომ პანიკა აქვთ ატეხილი თითო ნაბიჯზე, რომელიც კარგ პერსპექტივას აჩენს, თითო განცხადებაზე, სადაც შეიძლება საუბარი იყოს შერიგებაზე, დათმობაზე, გაერთიანებაზე, ყველა ამ განცხადებას ხვდებიან პანიკით. ამ პანიკით სინამდვილეში ავლენენ ერთ რამეს – როგორც ჩანს, ისინი არიან მონაწილე იმ გეგმისა, რომ საქართველომ თავისი ტერიტორიების გარეშე იმოძრაოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთ იდეებს აპარებენ უკვე უკრაინას, რომელსაც სხვადასხვა ექსპერტი, თუ კომენტატორები უკვე ურჩევენ, რომ უარი თქვან ყირიმზე, უარი თქვან დონბასზე და სამაგიეროდ, გაეხსნებათ ფართო პერსპექტივები ევროატლანტიკური მიმართულებით. ზუსტად აქ, ამ ნარატივის ნაწილში არის ოპოზიცია. ისინი დათმობენ აფხაზეთსაც და ცხინვალსაც, ოღონდ მიიღონ კარგი დაპირებები ევროატლანტიკურო ინტეგრაციის მხარეს. ეს არ არის ჩვენი გზა, ჩვენი გზა არის ქვეყნის გაერთიანების და ერთიანი საქართველოთი ევროკავშირში შესვლის გზა. სინამდვილეში, მათ გაამხილეს, რომ ისინი არიან ქვეყნის ტერიტორიის დათმობის ხარჯზე ევროპული ინტეგრაციის მომხრე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.