შალვა პაპუაშვილი - როგორ შეიძლება, სისხლის სამართლის დამნაშავის საკითხი დაკავშირებული იყოს ქვეყნის ევროინტეგრაციასთან, ჩვენ ვართ პროპაგანდისტული პიარკამპანიის სამიზნე
ბოლო ერთ წელს თუ შევხედავთ, მედიაში თუ პოლიტიკურ დისკუსიებში ორი-სამი თემა დომინირებს, მაგრამ ამაზე ჭარბი რეაქცია რომ გვქონდეს, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას, ეთანხმება თუ არა საზოგადოების ნაწილის მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს იმ პარტიის მიერ შექმნილ თემებს, რომელსაც რადიკალურ ძალას უწოდებს.
„სწორედ ეს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა და პროექტები, რომლებიც ხორციელდება, აჩვენებს, რომ ამ ზედაპირული დისკუსიის მიღმა, რომელსაც შეიძლება, საზოგადოება უფრო ხედავს, რადგან მედია ამ ჭრელ და ყვითელ საკითხებს უფრო აქცევს ყურადღებას, მთავრობა და პარლამენტი მუშაობს და ამ მუშაობის შედეგი ჩანს. ერთადერთი, რაც ჩვენ გვაწუხებს, არის არა ის, რომ დრო არ გვაქვს ამ საკითხებზე სამუშაოდ, არამედ ის, რომ რაზეც მუშაობა მიდის, შეიძლება, საზოგადოებამდე არ მიდიოდეს და საზოგადოება ბოლომდე არ იყოს ინფორმირებული. იმიტომ, რომ მათ აზროვნებას და ფიქრს სხვა თემებით აკავებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა მაგალითისთვის, საქართველოსთვის კითხვარის გადმოცემის პროცესი გაიხსენა.
„გავიხსენებ იმ აჟიოტაჟს და პანიკას, რომელიც მაშინ ატყდა – გაასაჯაროვეთ კითხვარი, ჩაგვრთეთ არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მის შევსებაში, თქვენ ვერ შეავსებთ, ყდა როგორი გაგიკეთებიათ, ულამაზოა, ასეთია, ისეთიაო. ხომ ნახეთ, ის კითხვარი როგორ პროფესიონალურად იყო შევსებული და როგორი შეფასება მიიღო ამ ყველაფერმა? მაშინდელი ამ აჟიოტაჟის მიღმაც სკულპულოზურად მუშაობდა ხელისუფლება, საჯარო მოხელეები და შედეგიც ამიტომ დაიდო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცრუ ნარატივებს თუ დილემებს ქმნის და მიხეილ სააკაშვილის თემაც ტიპური პროპაგანდისტული ინსტრუმენტია, რათა მოსახლეობის ყურადღება დააკავონ.
„რასაც ჩვენ ახლა ვაკვირდებით, არის ცრუ დილემა. განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ ვართ პირდაპირი სამიზნე ლობისტური პროპაგანდისტული პიარკამპანიის. ჩვენ ეს ვნახეთ დოკუმენტალურად, ხელშეკრულებაც გამოქვეყნდა. საქართველო არის სამიზნე პროპაგანდისტული პიარკამპანიის, რომლის მიზანიც არის მიხეილ სააკაშვილის დახსნა ციხიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება ცრუ დილემების დაყენება – მიხეილ სააკაშვილი თუ ევროკავშირი და ასე შემდეგ, თორემ, რა თქმა უნდა, ასეთი დილემა არ არსებობს. როგორ შეიძლება, სისხლის სამართლის დამნაშავის საკითხი დაკავშირებული იყოს ქვეყნის ევროინტეგრაციასთან? ეს არის ცრუ დილემა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა კონკრეტული დანაშაულები ჩაიდინა, ხელი დააფარა სანდრო გირგვლიანის მკვლელებს, დააორგანიზა დეპუტატის ცემა და ბიუჯეტის საიდუმლო თანხიდან დააფინანსა საკუთარი შვილის სწავლა კერძო სკოლაში, რაც თავადვე აღიარა, ამ დროს კი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მისი მხარდამჭერები ცდილობენ, ის დემოკრატიის თვალსაჩინო წარმომადგენლად წარმოაჩინონ.
„ჩვენ ვართ პროპაგანდისტული კამპანიის სამიზნე და აქ მთავარია, ვიყოთ ფხიზლად, რომ ცრუ დილემები არ დავიჯეროთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.