შალვა პაპუაშვილი - ორგანიზაციები, რომლებსაც ლეგიტიმაცია არ აქვთ, მიდიან ყოველგვარ მავნებლობაზე, მათ შორის არის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების მოთხოვნა
ჩვენ ვხედავთ არასამთავრობო ორგანიზაციათა კლანს, რომელიც იბრძვის ძალაუფლებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ორგანიზაციები, რომლებიც არავის აურჩევია, მიდიან ყოველგვარ მავნებლობაზე, მათ შორის – ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე.
„არაფერი ამაში ახალი არ არის, ვხედავთ ჩვენ „ენჯეო“ კლანს, რომელიც იბრძვის ძალაუფლებისთვის. ეს ვნახეთ 2022 წლის ივნისში, როდესაც ისინი პარლამენტის წინ დადგნენ და ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ითხოვდნენ, მთავრობა შერჩეულიყო მათი მონაწილეობით და ჰქონოდათ ვეტოს უფლება მთავრობის დაკომპლექტებაზე. ასეთი სახის ორგანიზაციები, რომლებსაც მანდატი და ლეგიტიმაცია არ აქვთ და სურთ, მართონ სახელმწიფო, მიდიან ყოველგვარ მავნებლობაზე, მათ შორის არის ვიზალიბერალიზაციის გაუქმება. ეს მათივე დონორმა, ენდიაი-ს წარმომადგენელმა თქვა. მაკკეინის ინსტიტუტის კვლევის ავტორი სწორედ ამ ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელია. არასამთვრობოებმა ან უნდა თქვან, რომ იტყუება ამერიკელი, რასაც ვერასდროს იტყვიან ან გაგვიმხილონ, ვინ ითხოვდა კონკრეტულად უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. საქართველო უნდა იცნობდეს თავის “გმირებს““, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.