შალვა პაპუაშვილი - რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება, ასევე აზრს მოკლებულია რეგისტრაციის პროცედურის გამართვაც, შესაბამისად, დღეს სხდომის გახსნის პროცედურები არ გაიმართება
შალვა პაპუაშვილი - რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება, ასევე აზრს მოკლებულია რეგისტრაციის პროცედურის გამართვაც, შესაბამისად, დღეს სხდომის გახსნის პროცედურები არ გაიმართება

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მიმართა პრეზიდენტს, დღეს, 25 თებერვალს, მათ მიერ წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით. ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია რიგგარეშე სხდომაზე და არა საგანგებო სხდომაზე, რომელიც, მხოლოდ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ იმართება, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.

პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღნიშნული სხდომის მოწვევის განკარგულებას, რაც, თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, წარმოადგენს პრეზიდენტის ფორმალურ უფლებამოსილებას, „ვინაიდან კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი არ შედის მოთხოვნილი სხდომის დღის წესრიგის პარლამენტის რეგლამენტთან შესაბამისობის თუ მისი მიზანშეწონილობის განხილვაში“.

პაპუაშვილის თქმით, როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინვე განაცხადა, რომ ის არ დაესწრება რიგგარეშე სხდომას ორი მიზეზის გამო:

1. რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის ორივე საკითხი ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგლამენტს. კერძოდ, პირველი საკითხი ითვალისწინებს პრემიერ-მინისტრის დაბარებას, რაც არა ამ ფორმით, არამედ თავად პარლამენტის გადაწყვეტილებით ხდება, ხოლო მეორე საკითხი საერთოდ არ ჯდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ რომელიმე ფორმატში;

2. ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციის ნაწილისგან ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია მიუთითებდა იმაზე, რომ ამ სხდომის გამართვის რეალური მიზანი არა საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვა და უკრაინელ ხალხთან სოლიდარობაა, არამედ უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და პარლამენტის სხდომის საზოგადოებაში განხეთქილების და დაპირისპირების გამოწვევის სურვილია.

„გუშინვე საპარლამენტო უმრავლესობამ წერილობით მომმართა და ამ მიზეზების აღწერასთან ერთად პარლამენტს აცნობა, რომ უმრავლესობის წევრი 82 დეპუტატიდან არცერთი არ დაესწრება ჩანიშნულ სხდომას.

შესაბამისად, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა დარჩენილია 61 დეპუტატი, არსებული მოცემულობით, თეორიულადაც გამორიცხულია სხდომის გახსნისთვის საჭირო 76 დეპუტატის მიერ რეგისტრაციის გავლა.

გამომდინარე აქედან, რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება, და ასევე აზრს მოკლებულია რეგისტრაციის პროცედურის გამართვაც. შესაბამისად, დღეს სხდომის გახსნის პროცედურები არ გაიმართება.

აქვე როგორც საზოგადოებას, ისე დეპუტატებს შევახსენებ, რომ სამშაბათს გაიმართება პარლამენტის მორიგი სხდომა, რომელიც, რეგლამენტის მიხედვით, პოლიტიკური განცხადებების ფორმატით გაიხსნება, ასე რომ ყველას ექნება შესაძლებლობა, პარლამენტის მორიგი სხდომის ფორმატში გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით“, – ნათქვამია შალვა პაპუაშვილის განცხადებაში.