შალვა პაპუაშვილი - რეკომენდაციების 80 პროცენტი შესრულებულია, შეფასებას გააკეთებს ევროკომისია, სხვადასხვა დედაქალაქში ზეპირი კომუნიკაციიდან ვიცით, რომ შეფასებები პოზიტიურია
შალვა პაპუაშვილი - რეკომენდაციების 80 პროცენტი შესრულებულია, შეფასებას გააკეთებს ევროკომისია, სხვადასხვა დედაქალაქში ზეპირი კომუნიკაციიდან ვიცით, რომ შეფასებები პოზიტიურია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით საქართველოს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების 80 პროცენტი უკვე შესრულებული აქვს.

მისივე თქმით, საბოლოო შეფასებას გააკეთებს ევროკომისია. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მოლოდინი აქვთ, რომ ევროკომისიის შეფასება პოზიტიური იქნება.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ, ჩვენი შეფასებით, რეკომენდაციების 80% შესრულებულია. საბოლოო შეფასებას გააკეთებს ევროკომისია. სხვათა შორის, არა – არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, მედია. საბოლოო ჯამში, ყველა უნდა დაველოდოთ ევროკომისიის შეფასებას. მანამდე ყველას ჩვენი შეფასებები გვაქვს. ჩვენი შეფასებით, ვფიქრობთ, რეკომენდაციების 80% შესრულებულია. ასევე, ზეპირი კომუნიკაცია გვაქვს სხვადასხვა დედაქალაქში, პარლამენტებში თუ სხვა კოლეგებთან შეხვედრებით. ბრიუსელთან კომუნიკაციით ვიცით, რომ პოზიტიური შეფასებებია, მაგალითად, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების, საარჩევნო რეფორმების მხრივ, გენდერულ საკითხებთან, ანტიკორუფციულ საკითხებთან, ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პროაქტიული გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენებასა და ომბუდსმენთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ომბუდსმენის ნაწილიც შესრულებულია. ის „ენჯეოები“, თვითონ რომ ვერ გახდნენ ომბუდსმენები, ახლა ამ რეკომენდაციას, როგორც შეუსრულებელს აფასებენ. თავად არიან დაინტერესებული მხარე ამ პროცესში, თვითონ იყვნენ კანდიდატები. იმდენი მორიდება და თავმდაბლობაც არ აქვთ, სულ მცირე, თავი შეიკავონ ამ საკითხის შეფასებისგან, რადგან არიან მიკერძოებული და დაინტერესებული მხარე. რა თქმა უნდა, ომბუდსმენის ნაწილიც შესრულებულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.