შალვა პაპუაშვილი - რეკომენდაციებთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის მხრიდან თანამშრომლობაზე პერსპექტივას ვერ ვხედავ, მათი მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა, კანდიდატის სტატუსი კი ამას ეწინააღმდეგება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხის მიმართ ცინიზმია იმაზე საუბარიც კი, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.
ამასთან, შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გიგი უგულავას განცხადებასთან დაკავშირებითაც, სადაც ის ამბობს: „ახლა რომ კანდიდატის სტატუსი მოგვცენ, „ქოცები“ ბოლომდე გადაჯეჯილდებიან“.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის ნაწილს არ სურს, საქართველომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რადგან ეს მათ მიზანს ეწინააღმდეგება.
„ვნახეთ, რა რიტორიკა ჰქონდათ ოპოზიციის წარმომადგენლებს და ვნახეთ ტიპური განცხადებები, „მოვიცილოთ ეს ხელისუფლება“ და ასე შემდეგ. მათ შორის, 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის მხრიდან თანამშრომლობაზე პერსპექტივას ვერ ვხედავ. როგორც აქამდე იყვნენ ბოიკოტში, ახლაც ასე არიან. ვხედავთ, რომ ამ ადამიანების მთავარი მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა. კანდიდატის სტატუსის მინიჭება გულისხმობს, რომ ხელისუფლებისთვის ხელშემწყობი იქნება და ეს ორი მიზანი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მათთვის უპირველესია, რამენაირად დაიბრუნონ აბსოლუტური ძალაუფლება და კანდიდატის სტატუსი ამ მიზანს ნამდვილად ეწინააღმდეგება. ვხედავთ, რომ ამას ღიად აკეთებენ. ახლახან გერმანიაში იყვნენ ვიზიტით და პირველი, რაც დაწერეს, ვესაუბრეთ, რამდენად მძიმე სიტუაციაა საქართველოში და პრობლემური დემოკრატიააო. ამაზე რომ საუბრობენ ერთი საათი, როგორი ლობირებაა? ეს არის ლობირება, რომ სტატუსი არ მოგვანიჭონ.
არასამთავრობო სექტორი, „ენჯეოების“ ნაწილი, იცით, რომ პროცესის მიმართ ბოიკოტში იყო. ახლახან გამოქვეყნდა მათი შეფასება, სადაც ამბობენ, რომ ქვეყანას ერთი რეკომენდაცია აქვს შესრულებული, ევროკომისია კი ამბობს, სამი რეკომენდაციაა შესრულებულიო. რთულია, მათ მოსთხოვო პატრიოტიზმი, მაგრამ ევროპულის გეზისა და ინტეგრაციის როგორი არაგულშემატკივარი უნდა იყო, რომ ვერაფერს პოზიტიურს ხედავდე და ამბობდე, ერთი რეკომენდაცია შესრულდაო, როცა ევროკომისია აცხადებს, სამი შესრულდა, დანარჩენზე კი პროგრესიაო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.