შალვა პაპუაშვილი - რასაც ოპოზიციის ფლანგზე ვხედავთ, თოჯინების თეატრია, 2024 წელს ქართველ ხალხს ექნება მკაფიო არჩევანი, ეროვნული ინტერესების გამტარებელ „ქართულ ოცნებასა“ და ანტიქართულ კოალიციას შორის
2024 წლის არჩევნებზე იქნება ორი ძალა, ეს არის პატრიოტული ძალა „ქართული ოცნების“ სახით, რომელსაც საქართველო მიჰყავს ევროპულ ოჯახში და ანტიქართული, ანტიევროპული კოალიცია „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანაყოფების მონაწილეობით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 2024 წელს ქართველ ხალხს ექნება მკაფიო არჩევანი საქართველოს ეროვნული ინტერესების გამტარებელ „ქართულ ოცნებასა“ და ანტიქართულ კოალიციას შორის.
„რასაც ოპოზიციის ფლანგზე ვხედავთ, თოჯინების თეატრია, ვერ ვხედავთ მას, ვინც ამ თოჯინებს სინამდვილეში მართავს, ყველა დანარჩენი თოჯინაა, რომელიც სხვა ხელით იმართება და ის ხელი საქართველოში არ არის. ეს იმართება ნაწილობრივ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, რომელიც საქართველოშია, მაგრამ სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია და იმართება ქვეყნის გარედან. ამიტომ ჩვენ კითხვები უნდა დავუსვათ არა მარიონეტებს, რომლებიც ახლა ჩანან ეკრანებზე, არამედ პირველი, რაც უნდა ვიკითხოთ – ვისია ის ხელი, რომელიც ამ მარიონეტებს მართავს.
მათი მიზანი ერთადერთია – საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანება, საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების დაზიანება, რასაც ჩვენ ბოლო წელიწად-ნახევარია ვხედავთ. ეს იგივე ხალხია, ვისაც სურდა საქართველო ომში ჩაეთრია, საქართველო გადაეგდო ეკონომიკურ კოლაფსში, ასე რომ, ეს მცდელობები ამ ყველაფრის ნაწილია. კარგი პროცესია, რადგან 2024 წელს ქართველ ხალხს ექნება მკაფიო არჩევანი საქართველოს ეროვნული ინტერესების გამტარებელ „ქართულ ოცნებასა“ და ანტიქართულ კოალიციას შორის. მართალია, ცდილობენ, თავი წარმოაჩინონ, თითქოს დაშლილები არიან, სინამდვილეში ცდილობენ, გაიშალონ და არა – დაიშალონ. ეს მათი მიდგომაა, რომ დააბნიონ საზოგადოება. 2024 წლის არჩევნებზე, საერთო ჯამში, იქნება ორი ძალა, ეს არის პატრიოტული ძალა „ქართული ოცნების“ სახით, რომელსაც საქართველო მიჰყავს ევროპულ ოჯახში და ეს არის ანტიქართული და ანტიევროპული კოალიცია „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანაყოფების მონაწილეობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.