შალვა პაპუაშვილი - რასა იუკნევიჩიენემ გაამჟღავნა, რომ სინამდვილეში მათთვის პრობლემა ქართველი ხალხია, არ ვიცი, რას გვიპირებენ, მაგრამ ეს დამოკიდებულება გვაფიქრებინებს, რა ღირებულებებზე დგანან
რასა იუკნევიჩიენემ, როგორც იქნა, ბოლოს თქვა, გაამჟღავნა, რომ სინამდვილეში მათთვის პრობლემა არის ქართველი ხალხი, რომელიც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. ხალხი არ მოსწონთ, არ ვიცი, რას უპირებენ ქართველ ხალხს, მაგრამ ეს დამოკიდებულება გვაფიქრებინებს, რა ღირებულებებზე დგანან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მმართველ გუნდს კითხვები ახლა იმ „ენჯეოებთან“ არ აქვს, რომლებმაც თავი დაისამარეს. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, კითხვებია „ენჯეოების“ პატრონებთან, რა გეგმები აქვთ მათ ქართველ ხალხთან დაკავშირებით.
„ვნახეთ ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლის, ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადება. ამ ადამიანმა, როგორც იქნა, ბოლოს თქვა, გაამჟღავნა, რომ სინამდვილეში მათთვის პრობლემა არის ქართველი ხალხი, რომელიც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხალხი არ მოსწონთ. არ ვიცი, რას გვიპირებენ, გადასახლებას, გადაჯიშებას, რას უპირებენ ქართველ ხალხს, მაგრამ თვითონ ეს დამოკიდებულება ხომ გვაფიქრებინებს, რა ღირებულებებზე დგანან. ისინი, ვინც გვეუბნებიან, რომ ევროპა არიან, ეს ხომ ღირებულებადაკარგული ხალხია, რომელიც სხვა ქვეყანაში მთლიანად ხალხს იწუნებს, რადგან მის გემოვნებაში არ ჯდება. სააკაშვილი ვინაიდან არის მათი გემოვნების პოლიტიკოსი, სხვა დანარჩენი დაიწუნეს, მთლიანად ხალხი. ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელმა, ფაქტობრივად, გვითხრა, რომ არ ვვარგივართ. რა ვიცი, რაღაც უნდა მოგვიხერხონ, შეიძლება, გადაგვაცხოვრონ აქედან და ჩაგვანაცვლონ სხვა ხალხით. ამიტომ, ჩვენ კითხვები ახლა აღარ გვაქვს ოპოზიციასთან, ჩვენ კითხვები აღარ გვაქვს იმ „ენჯეოებთან“, რომლებმაც საბოლოოდ დაისამარეს თავი. „ისფედმა“, „გამჭვირვალობამ“, „საიამ“ საბოლოოდ დაისამარეს თავი, როგორც თაღლითმა ორგანიზაციებმა და 2024 წლის არჩევნების შანსი აღარც კი გამოიყენეს. გვაქვს კითხვები მათ პატრონებთან, რა გეგმები აქვთ ქართველ ხალხთან დაკავშირებით? საერთოდ აღგვიქვამენ, როგორც ერად, ხალხად, ადამიანებად, რომლებსაც რაიმე უფლებები გაგვაჩნია თუ მხოლოდ გეოპოლიტიკური ინტერესების მქონე ტერიტორია ვართ, რომელსაც ამ თვალით უყურებენ? ამიტომ მნიშვნელოვანი მომენტი არის ახლა, რათა დავრწმუნდეთ, რა განზრახვები აქვთ არა ოპოზიციას და „ენჯეოებს“, არამედ მათ, ვინც მათ უკან დგანან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ „ამერიკის ხმასთან“ საუბარში განაცხადა: „კარი იხურება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, თუმცა, პირველ რიგში, მათი ხელით, ვინც არჩევნებზე მანიპულაცია მოახდინა“.