შალვა პაპუაშვილი - რამდენიმე თვეში გვექნება არჩევნები, როგორც ჩანს, არსებობს უცხოური გავლენის სქემები ქართულ პოლიტიკაზე
ჩვენ რამდენიმე თვეში გვექნება არჩევნები და, როგორც ჩანს, არსებობს სქემები უცხოური გავლენისა ქართულ პოლიტიკაზე და ამიტომ მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებმა გამოავლინოთ ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სინამდვილეში პარტიის შემადგენელი ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, პრობლემაა, როდესაც პოლიტიკაში ერევა უცხოური ფული.
„არსებობს პარტია „დროა“ და არსებობს „ენჯეო“ „დროა“. ორივეს დამფუძნებელი გახლავთ ელენე ხოშტარია, ორივე რეგისტრირებულია ელენე ხოშტარიას პირად მისამართზე, ორივე ორგანიზაციის ხელმძღვანელი არის ელენე ხოშტარია. ერთი არის პარტია, მეორე – „ენჯეო“. თავად ხოშტარიას აღიარებითვე, ენჯეო „დროა“ იღებს დაფინანსებას „ევროპის დემოკრატიის ფონდისგან“. მისივე აღიარებითვე, ამ თანხას იყენებდნენ ისინი წინასაარჩევნოდ. აქედან დასკვნა – ეს „ენჯეო“, რომელსაც ცალკე არც სახელი აქვს, არც ემბლემა, ეს არის ყალბი, ფუტლიარი, ცალკე საბანკო ანგარიშისთვის, რათა უცხოური ფულით გადაუხადონ ხელფასები პოლიტიკურ ლიდერებს და პოლიტიკური პარტიის წევრებს. შესაბამისად, ფაქტია, რომ უცხოური დაფინანსებით ხელფასს იღებენ ქართველი პოლიტიკოსები.
შეგახსენებთ, იგივე ფონდი აფინანსებს „სირცხვილიას“, მანვე გადაიხადა ნიკა მელიას გირაო. ამ ფონდის დაფინანსება საქართველოში დაფარულია. არავინ იცის, რას აფინანსებენ. მთავარი საკითხია, ვთანხმდებით თუ არა, რომ ეს პრობლემაა. კანონით რომ აკრძალულია, ეს ფაქტია, ყველა ქვეყანაში აკრძალულია და რატომაა აკრძალული? იმიტომ კი არა, რომ ვიღაცას რაღაცის აკრძალვა უნდა, იმიტომ, რომ ეს პრობლემაა, როდესაც პოლიტიკაში ერევა უცხოური ფული. თქვენ თუ ვერ ხედავთ, რა არის განსხვავება სახელმწიფოს მიერ აღებულ სესხზე, გრანტზე, რომელიც გამჭვირვალეა, მიზნობრივია, წარმოადგენს ბიუჯეტის მიზერულ ნაწილს, ამას და იმას შორის, რომ პარტიები სხედან უცხოურ დაფინანსებაზე და ხელფასზე, ეს პრობლემაა. ამას საკანონმდებლო ინიციატივა არ სჭირდება, ეს აკრძალულია, რომ პარტიები ფინანსდებოდეს უცხოეთიდან.
რამდენიმე თვეში არჩევნები გვექნება. როგორც ჩანს, არსებობს სქემები უცხოური გავლენისა ქართულ პოლიტიკაზე. მნიშვნელოვანია, ჟურნალისტებმა გამოავლინოთ ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სინამდვილეში არის პარტიის შემადგენელი ნაწილი და, გარწმუნებთ, ბევრია ასეთი. ნახეთ, ვისგან ფინანსდებიან და დაუსვით ამ პოლიტიკოსებს კითხვა, ვის ინტერესებს ატარებენ, ქართველი ხალხის თუ მათი დამფინანსებლების?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.