შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიცია ნებისმიერ თემას ებღაუჭება, სადაც შეატყობს, რომ შეიძლება, პროტესტის მხარდამჭერები ნახოს, ორი პროექტია, ამერიკულსაც თუ უცხადებენ პროტესტს, ჯერ არ ვიცი
ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ნებისმიერ თემას ებღაუჭება, სადაც შეატყობს, რომ შეიძლება, რაიმე პროტესტის მხარდამჭერები ნახოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის განცხადებაზე, რომლის თანახმად, ხელისუფლების მხრიდან უკან დახევისთვის ერთადერთი გზაა იმ ადამიანების პროტესტის ხმა, რომლებიც დასავლური გრანტებით სარგებლობენ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჯერ არ იცის, ორი პროექტიდან, რომელთა შორის ამერიკული ვარიანტიცაა, რომელს უცხადებენ პროტესტს.
„ჯერ ერთი, არ ვიცი, რომელ პროექტს უცხადებენ პროტესტს, რადგან ორი პროექტია. ერთი არის სუფთა ამერიკული და ამერიკულსაც თუ უცხადებენ პროტესტს, ეს ჯერ არ ვიცი. მეორე – კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ჩვენ ვართ დისკუსიის დასაწყისში. ეს არის გრძელვადიანი დისკუსია, რომელიც, თავის მხრივ, მიმდინარეობის პროცესში დაელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას, ამიტომ აქ არაფერია საჩქარო ან განსაკუთრებული აჟიოტაჟი არ არის საჭირო. წინ არის დრო და შეიძლება ამაზე დისკუსია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ორგანიზაციას, რომ გამჭვირვალობის მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს, თვითონ იყვნენ ინიციატორები და აქტიური იმ საკითხში, რომ შესთავაზონ საზოგადოებას გადაწყვეტები ამ გამჭვირვალობის მიმართულებით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი მიხეილ სააკაშვილის თემიდან ახლა სხვა თემაზე გადაერთო.
„ზოგადად, ხომ იცით, რომ მცდელობაა ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან, რომ ნებისმიერი თემა, სადაც შეატყობენ, რომ შეიძლება, რაიმე პროტესტი მხარდამჭერების ნახონ, ყველა თემას ებღაუჭებიან. ხედავთ, რომ მათი ლიდერის თემა აღარ აქვთ უკვე, ახლა სხვა თემაზე გადაერთნენ, შემდეგ ისევ უკან გადმოერთვებიან. ეს სხვა საკითხია. უბრალოდ, მე ყველას მოვუწოდებ, რომ იყოს საგნობრივი დისკუსია. კრიტიკა გასაგებია, მისაღებია. პროტესტიც გასაგებია, შეიძლება, არსებობდეს, მაგრამ უნდა იყოს საგნობრივი დისკუსია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.