შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიცია და რამდენიმე მდიდარი „ენჯეო“ დაკავებულია „სოფლის მაშენებლების“ მიდგომით, საქართველოს ხელისუფლება კი დაკავებულია საქმით, ჩვენ ვაშენებთ ქვეყნის ევროპულ სახლს
ჩემთვის ამ ყველაფერში, ისევე, როგორც ზოგიერთ სხვა აქტივობაში, „სოფლის მაშენებლების“ ესთეტიკა ჩანს უფრო მეტად და ეს არის მთავარი სხვაობა საქართველოს ხელისუფლებასა და რადიკალურ ოპოზიციას და მდიდარ „ენჯეოებს“ შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ მარშთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება დაკავებულია საქმით, რომელსაც მიჰყავს ევროკავშირში.
„ჩვენ ვაშენებთ ამ ქვეყანას, ჩვენ ვაშენებთ საქართველოს ევროპულ სახლს. ამ მუშაობის შედეგია ზუსტად ევროპული კომისიის დასკვნაც და ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მოველით. რადიკალური ოპოზიცია და რამდენიმე მდიდარი „ენჯეო“ დაკავებულია „სოფლის მაშენებლების“ მიდგომით, ერთი იმღერებს, მეორე დროშას შეკერავს, მესამე პრეზენტაციას ჩაატარებს, კლიპს გადაიღებს და ჰგონიათ, ამის გამო ჩვენ მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა, მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. გვაქვს დადებითი შეფასება. ეს არის სამწუხარო ჩიხი, სადაც დღეს იმყოფება ელიტური ენჯეოსექტორი, რომელიც მილიონს ხარჯავს, რომ ფუჭი საქმით იყვნენ დაკავებული.
როდესაც საქმე იყო საკეთებელი, არც სამუშაო ჯგუფებში შემოვიდნენ. იცით, რომ ისინი ხელს უშლიდნენ პარლამენტის გადაწყვეტილებებს. მათი წარმოდგენაა, რომ ერთი იმღერებს, მეორე აქციას ჩაატარებს და ამით სოფელი აშენდება. ეს არის 90-იანი წლების ესთეტიკა, გადმოიტანეს 21-ე საუკუნეში და ამხელა ფული, მილიონები უცხო ქვეყნიდან იხარჯება, რომ დააბრუნონ გარკვეული სეგმენტი ჩვენი საზოგადოების ისევ იმ ესთეტიკაში, რომ ვაშათი და ლოზუნგებით აშენდება ქვეყანა და არა საქმის კეთებით. კი ბატონო, ყველა თავისუფალია, შეუძლიათ, ვაშაც თქვან, მაგრამ ლოზუნგების ქვეყანა საქართველომ, დიდი ხანია, წარსულში დატოვა. საქართველოს ხელსუფლება დაკავებულია საქმით, რომელსაც მივყავართ ევროკავშირში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.