შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიცია, რამდენიმე „ენჯეო“ დედაქალაქ-დედაქალაქ დადიან, ევროპელ პარტნიორებს არწმუნებენ, რომ საქართველოში სავალალო მდგომარეობაა, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობა
შალვა პაპუაშვილი - რადიკალური ოპოზიცია, რამდენიმე „ენჯეო“ დედაქალაქ-დედაქალაქ დადიან, ევროპელ პარტნიორებს არწმუნებენ, რომ საქართველოში სავალალო მდგომარეობაა, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობა

ევროკავშირი, რომელიც არის მშვიდობისა და თანხმობის პროექტი, საქართველოში ოპოზიციას მიეცა ხელში, როგორც არევისა და დესტრუქციის ინსტრუმენტი, ოპოზიცია და მასთან ალიანსში მყოფი რამდენიმე „ენჯეო“ ცდილობენ, რომ ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„რამდენიმე „ენჯეო“ ბრიუსელში იყო ჩასული და, რა თქმა უნდა, ბრიუსელიდან ვიცით, რა საუბრები ჰქონდათ. ეს არის ჩვეულებრივი კამპანია რამდენიმე „ენჯეოსი“, რადიკალური ოპოზიციის, რომელიც ჩადის და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ანტიკამპანიას ეწევა. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ – „ლელო“, „რესპუბლიკური პარტია“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ალდეს“ კონფერენციაზე იმყოფებოდნენ და სიხარულით გვამცნეს, როგორ მიაღებინეს განცხადება, სადაც პირდაპირ მანიპულაცია და დეზინფორმაცია წერია საქართველოსთან დაკავშირებით. ეს ახარებთ და თან რომ ჰკითხო, გეუბნებიან, რომ ევროპულ დედაქალაქებში იმიტომ ჩადიან, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა წინ წაწიონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „ლელოს“ წარმომადგენლები გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრებზე იმყოფებოდნენ და განცხადება გამოაქვეყნეს, რამდენად მძიმე და სავალალო მდგომარეობაა საქართველოში.

„თუ ვინმე ახსნის, რომ ეს არის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა და რეკლამირება, სტატუსის სასარგებლო, ალბათ ამ ადამიანს არაფერი ესმის. რადიკალური ოპოზიცია და რამდენიმე „ენჯეო“ დადიან დედაქალაქ-დედაქალაქ და ევროპელ პარტნიორებს არწმუნებენ, რომ საქართველოში არის მძიმე და სავალალო მდგომარეობა. ალბათ ბოლო წინადადებაში ამბობენ: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მძიმე მდგომარეობაა, ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეტყობა, საკუთარ სინდისს პატარა საკვებს გადაუგდებენ ხოლმე, მაგრამ ეს არის პირდაპირ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები არ ატარებენ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს და მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი დაფინანსება მიიღონ.

„„ენჯეობისგან“ არაფერი მიკვირს, რადგან ისინი უცხოეთიდან ფინანსდებიან და არ ატარებენ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. მათი ერთადერთი მიზანია, რაც შეიძლება მეტი დაფინანსება მიიღონ. ეს შეკრული წრეა და, სამწუხაროდ, ვერაფერს ვიზამთ – პირდაპირ მუშაობენ ჩვენი ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგ. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი მთავარი მიზანია, ხელისუფლებას ზიანი მიაყენონ და ხელისუფლება შეარყიონ, რათა ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ. სამწუხაროდ, ევროკავშირი, რომელიც არის მშვიდობისა და თანხმობის პროექტი, საქართველოში ოპოზიციას მიეცა ხელში, როგორც არევისა და დესტრუქციის ინსტრუმენტი. ოპოზიცია და მასთან ალიანსში მყოფი რამდენიმე „ენჯეო“ ცდილობენ, რომ ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.