შალვა პაპუაშვილი - რა ვქნათ, გავჩუმდეთ, როცა ვხედავთ, რომ კრიმინალები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირში?  გამოსავალია არა გაჩუმება, ცენზურა, არამედ ღია საუბარი
შალვა პაპუაშვილი - რა ვქნათ, გავჩუმდეთ, როცა ვხედავთ, რომ კრიმინალები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირში? გამოსავალია არა გაჩუმება, ცენზურა, არამედ ღია საუბარი

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ გადმოგვცეს კრიმინალები და ამით დაიწყოს ურთიერთობის გამოსწორება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პრობლემა არის მათ მხარეს, ვინც ტოლერანტულია დამნაშავეებისა და კრიმინალების მიმართ.

„შემაშფოთებელია, რომ მეგობრობისა და გვერდით დგომის საპასუხოდ ვიღებთ ნაბიჯებს, რომლებიც აბსოლუტურად გაუგებარია. გავიხსენოთ, რომ უკრაინის ელჩი გაიწვიეს 2022 წლის პირველ მარტს. საბაბი იყო ის რომ, მთავრობამ ჩვენი მებრძოლები არ გააგზავნა  უკრაინაში. გახსოვთ მაშინდელი განცხადებები. ასევე, გაუგებარია, როცა უკრაინის პრეზიდენტმა სთხოვა უკრაინაში საქართველოს ელჩს, დაეტოვებინა უკრაინა. ბევრი სხვა დასავლელი ელჩისგან განსხვავებით, საქართველოს ელჩი ბოლომდე დარჩა კიევში, როცა ის იბომბებოდა, საფრთხე იყო კიევში რუსული არმიის შესვლისა. ქართული დროშა არცერთი წამით არ დაწეულა ჩვენი საელჩოდან, განსხვავებით ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების საელჩოებისგან, რომლებმაც დაუშვეს დროშები და წავიდნენ თავიანთ ქვეყნებში. უკრაინის პრეზიდენტმა, იმ საბაბით, რომ მიხეილ სააკაშვილს თურმე ვიღაც აწამებს, სთხოვა ელჩს, დაეტოვებინა უკრაინა.

ამის ფონზე ვხედავთ ქართველი კრიმინალების, ზურაბ ადეიშვილის, გია ლორთქიფანიძის დაწინაურებას უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა შტოში. თავად მიხეილ სააკაშვილიც დღემდე, საკუთარი განცხადებებით, ინარჩუნებს რეფორმების საკითხში უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას. რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება ქართველი ხალხის იმ გვერდით დგომას, რომელსაც ვიჩენთ. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ სწორედ ამით დაიწყოს ურთიერთობის გამოსწორება, გადმოგვცეს კრიმინალები. ყველა ხედავს, რა დააწიეს საქართველოს ამ კრიმინალებმა და უკრაინისთვისვე ცუდია, როცა კრიმინალები არიან ჩართული მართლმსაჯულების რეფორმაში.

რაც შეეხება საკითხს, ასეთი განცხადებები ხომ არ აღვივებს განწყობებს. აბა, რა ვქნათ, გავჩუმდეთ? ესაა გამოსავალი, როდესაც ვხედავთ, რომ კრიმინალები თავისუფლად გადაადგილდებიან? ოპოზიცია, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, იღებს სტარტის ნიშანს, როდის ილაპარაკოს. უნდათ, რომ ჩვენც გაგვაჩუმონ. ესაა პრობლემა, როცა ვსაუბრობთ ოპოზიციასა და მედიაში უცხოურ დაფინანსებაზე. პირდაპირი მცდელობაა, გააჩუმონ ქართველი ხალხი, როდესაც საქმე გვაქვს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე, კერძოდ, ქართველი კრიმინალების თავისუფლად გადაადგილებაზე ევროკავშირში. გამოსავალი არის არა გაჩუმება, ჩაჩუმება, ცენზურა, არამედ ღია საუბარია საჭირო. საქართველოს მიერ დაწესებულ სანქციებს ვინც არღვევს, უნდა შეწყვიტონ ამ სანქციების დარღვევა, გადმოგვცენ დამნაშავეები და მაშინ არც სათქმელი, არც პრეტენზია არაფერი იქნება. პრობლემა არის მათ მხარეს, ვინც ტოლერანტულია დამნაშავეებისა და კრიმინალების მიმართ“, – განაცხადა სალვა პაპუაშვილმა.