შალვა პაპუაშვილი - რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის კიევში, საიდანაც მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდეს, უკრაინა ხომ ომშია, მერე რა, თუ ამას ქართველი ქალები და ბავშვები შეეწირებიან, პრობლემა ჩვენშია, ჩვენში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მისი ქარტიის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
„რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის კიევში, საიდანაც უშიშროების საბჭოს მდივანმა მეორე ფრონტისკენ მოგვიწოდა. უკრაინა ხომ ომშია და მერე რა, თუ ამას ქართველი ქალები და ბავშვები შეეწირებიან.
რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის ბრიუსელში, საიდანაც რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოგვთხოვეს. ბრიუსელი ხომ უკრაინას ომში ეხმარება და მერე რა, თუ ამას საქართველოს ეკონომიკა შეეწირება.
პრობლემა ჩვენშია, ჩვენში!“ – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მისი ქარტიისა და ამ ქარტიით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
„ევროკავშირის ელჩმა გამიმეორა ქარტიის მიმართ მხარდაჭერა და ის, რომ, როგორც კი დაინახავენ, მოსახლეობამ არჩევნებში გამოთქვა ურყევი ნება, დაუბრუნდეს ევროპას, ამოქმედდება ყველაფერი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.