შალვა პაპუაშვილი - ქედს ვიხრი თითოეული პოლიციელის ვაჟკაცობისა და სამშობლოსადმი სიყვარულის წინაშე, იმ პოლიციელების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სამშობლოს სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირეს
ქედს ვიხრი თითოეული პოლიციელის ვაჟკაცობის, სიმამაცის, სამშობლოსადმი სიყვარულისა და ერთგულების წინაშე, ქედს ვიხრი იმ პოლიციელების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სამშობლოს ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს დამოუკიდებლობის 33-წლიანი ისტორიის განმავლობაში ქართული პოლიციის გარდაქმნის გრძელი პროცესი ასახავს საქართველოს დემოკრატიზაციისა და სახელმწიფოებრიობის სიმტკიცის ხარისხს.
,,უდიდეს პატივისცემას და თანადგომას იმსახურებენ მათი ოჯახები. საქართველოს დამოუკიდებლობის 33-წლიანი ისტორიის მანძილზე ჩვენ ვნახეთ ქართული პოლიციის გარდაქმნის გრძელი პროცესი, რომელიც ზუსტად ასახავს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციისა და სახელმწიფოებრიობის სიმტკიცის ხარისხს. უნდა ითქვას, რომ რაც უფრო მაღალია დემოკრატიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა, მით მეტად ჰუმანური და თანამიმდევრულია საპოლიციო სტრუქტურების მუშაობის პრინციპები და სტრატეგია.
2012 წლიდან საქართველოს პოლიციაში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები. უწყება გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან, მოხდა საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან სრული ჰარმონიზაცია როგორც საკანონმდებლო, ასევე შინაგანაწესების და პრაქტიკის დონეზე. დღეს ჩვენ გვაქვს სამართალდამცავი სტრუქტურა, რომელიც ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი სტანდარტით. დღეს ქართული პოლიცია ქართველი ხალხის გვერდით, მცველ ფარად დგას საქართველოს საფრთხეების და გამოწვევების პირისპირ. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხედავს და აფასებს ქართველი პოლიციელების მაღალ თვითშეგნებას და უდიდეს პატრიოტიზმს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.