შალვა პაპუაშვილი - ქართველმა ხალხმა უნდა დაანახოს ყველას, შინ და გარეთაც, ვინ არის მისი ხელისუფლება, რომ ვეღარავინ გაბედოს, ქართველი ხალხის ხელისუფლებას ესაუბრონ ქართველი ხალხის სახელით
ბოლო პერიოდში შემოგვაპარეს ქართველი ხალხის სახელით საუბარი. ყველა, ვისაც ერთი ქართველი ნაცნობი ჰყავს და საქართველოზე რაიმე სმენია, რატომღაც ფიქრობს, რომ ჰყოფნის კომპეტენცია და აქვს ლეგიტიმაცია, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა ელჩების კომპეტენციაზე და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „გარკვეულწილად, ჩვენი პოლიტიკა ისე განვითარდა და, მათ შორის, მეგობრების მონაწილეობა ჩვენს შიდა პოლიტიკაში, რომ რაღაცნაირად ყველა მივედით იმ ზღვრამდე, სადაც თავად პოლიტიკურმა სისტემამ დაუშვა ეს“.
პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, დისტანცია არსებობდეს ქვეყნებს შორის ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემის ფარგლებში და ის დამოკიდებულება, რომ საქართველოს პარლამენტს უცოდინარ ინსტიტუციად უყურებენ, არასწორია.
„მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს და ყველამ გარკვეული დისტანცია დაიჭიროს იმ ურთიერთობისას, რომელიც უნდა არსებობდეს ქვეყნებს შორის ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემის ფარგლებში. ასეთი დამოკიდებულება, თითქოს გიყურებენ შეუმდგარ, უცოდინარ ინსტიტუციად და საქმე ეხება პარლამენტს, როცა ამაზე ვსაუბრობთ, ეს გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებმა ესეც უნდა აჩვენოს.
ბოლო პერიოდში ჩვენ ძალიან შემოგვაპარეს ქართველი ხალხის სახელით საუბარი. უცხოელები, რომლებსაც ზოგსაც საერთოდ ფეხი არ აქვს დადგმული საქართველოში და ყველა, ვისაც ერთი ქართველი ნაცნობი ჰყავს და საქართველოზე რაიმე სმენია, რატომღაც ფიქრობს, რომ ჰყოფნის კომპეტენცია და აქვს ლეგიტიმაცია, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. ასე რომ, ეს არჩევნები ამიტომაც არის მნიშვნელოვანი. ქართველმა ხალხმა ამიტომაც უნდა დაანახოს ყველას, შინ და გარეთაც, სად დგას ქართველი ხალხი, რა არის მისი პოზიცია, ვინ არის მისი ხელისუფლება, რომ ვეღარავინ გაბედოს, ქართველი ხალხის ხელისუფლებას ესაუბრონ ქართველი ხალხის სახელით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.