შალვა პაპუაშვილი - ვისურვებდი, „ქართველი ხალხის აქტის“ პირველი პუნქტი იყოს გამოძიება, რა როლი ჰქონდათ პარალელური დათვლის ყალბ შედეგებში აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მაშინდელ ელჩს
„ქართველი ხალხის აქტი“ თუ იქნება მიღებული, ვისურვებდი, პირველი პუნქტი იყოს გამოძიება, რა როლი ჰქონდათ პარალელური დათვლის ყალბ შედეგებში აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მაშინდელ ელჩს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის სენატსა და კონგრესს არანაირი ლეგიტიმაცია და უფლება არ აქვთ, ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკონ.
„ვფიქრობ, არასწორია, როდესაც უცხო ქვეყნის პარლამენტი ეფარება მეორე ქვეყნის ხალხს. ამერიკის კონგრესს თუ სენატს არც ლეგიტიმაცია აქვთ ამის და არც რაიმე სხვა უფლებამოსილება, რომ ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკონ. რისი ლეგიტიმაციაც აქვს სენატს, ეს არის, გამოიძიოს 2020 წელს როგორ იყვნენ ჩართული არჩევნებით მანიპულაციაში ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები. ეს გამოძიება ვალად ადევს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას ქართველი ხალხის წინაშე.
„ქართველი ხალხის აქტი“ თუ იქნება მიღებული, ვისურვებდი, მისი პირველი პუნქტი იყოს კონგრესის, სენატის მიმართ დავალება, გამოიძიონ, რა როლი ჰქონდა „იუესაიდს“ (USAID) 2020 წლის პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში; რა როლი ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელ ელჩს ამ მანიპულირებული შედეგების არგავრცელებაში. ეს არის, რაც უნდა გააკეთოს სენატმა, ეს ვალი აქვს ქართველი ხალხის მიმართ, ამიტომ ნუ საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით. ქართველი ხალხისთვის სიკეთე თუ სურთ, გამოიძიონ, რა მხრივ იყო ჩართული ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მანიპულაციაში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.